29 სექტემბერი 2024,   05:19
ვრცლად
შეძლებს თუ არა პრეზიდენტი დაპირისპირებული პარტიების შერიგებას - გახარიას პარტიის და "ლელოს" პარტნიორობა, სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილის ქოლგის ქვეშ განიხილება

შეძლებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი დაპირისპირებული პარტიების შერიგებას და მათ ერთ ოპოზიციურ ალიანსში გაერთიანებას. საუბარია კვლავ მამუკა ხაზარაძის და გიორგი გახარიას პარტიებზე, რომელთა დაყოლიებაც ათონელის სასახლისთვის ერთ-ერთი მთავარი და რთული ამოცანაა. ჯერჯერობით, აქტიურობს ეკა ბესელია, რომელიც ახლა სალომე ზურაბიშვილთან ერთად, კიდევ ერთი ოპოზიციური ცენტრის შექმნაზე მუშაობს.

ეკა ბესელია უკვე დიდი ხანია "ქართული ოცნების" ყოფილი წევრების გაერთიანებას ცდილობს, თუმცა არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ახალ პლატფორმაში უკვე სხვებსაც განიხილავს. პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი ისეთი ცენტრის შექმნას აპირებს, რომელიც გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე იმუშავებს. ბესელია ამ პროცესში სალომე ზურაბიშვილის მნიშვნელოვან როლს ხედავს. ახალ პლატფორმაში არც გიორგი გახარიას და "ლელოს" გაერთიანებას გამორიცხავს.

გეგმებზე წინასწარ არც გახარიას პარტიაში საუბრობენ. გაერთიანებას სხვებთან უარყოფენ, თუმცა აღიარებენ, რომ "ქართული ოცნების" დამარცხებას დამოუკიდებლად ვერ შეძლებენ. ყოფილი პრემიერის გუნდი დღეს წითელ ხაზს მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" უწოდებს, თუმცა არა "ლელოს", რომელთანაც მათი პარტნიორობა, გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის ქოლგის ქვეშ განიხილება.

საარჩევნოდ ყოფილი პრემიერის პარტიასთან გაერთიანებას არც "ლელო" ადასტურებს, თუმცა ერთმანეთთან დაპირისპირებული გახარია-ხაზარაძის ტანდემი თანხმდება, რომ ქვეყანაში ორპოლუსიანობა უნდა დასრულდეს.

გახარია-ხაზარაძის ალიანსის შექმნისთვის მოფიქრებულ სპეციალურ სქემაზე ჯერ კიდევ გუშინ საუბრობდა "ხალხის ძალა". პარტიაში დღესაც ამტკიცებენ, რომ ერთმანეთთან უკიდურესად დაპირისპირებული ოპოზიციონერების გაერთიანება სრულიად შესაძლებელია, თუკი ეს გარე ინსტრუქციის შესრულებას ემსახურება. მათივე თქმით, ამ პროცესს ლეგიტიმაცია სალომე ზურაბიშვილმა უნდა შესძინოს, რომელმაც თავდაპირველად მის გარშემო "ქართული ოცნების" ყოფილი წევრები, ეკა ბესელია, თამარ ჩუგოშვილი, ასევე შოთა შალელაშვილი უნდა გააერთიანოს. მმართველი გუნდისთვის კი ოპოზიციის ამ ნაწილის სტრატეგია ამომრჩეველთა დაბნეულობის ტაქტიკაა.

მორიგი ოპოზიციური პლატფორმა, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში ჩამოყალიბდება. თუმცა უკვე არსებობს ორი გაერთიანება - "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი", ასევე "ახალი", "დროა" და "გირჩი მეტი თავისუფლება".

დღის ამბები