29 სექტემბერი 2024,   05:36
ვრცლად
დივერსიები ევროპის მასშტაბით და გერმანული იარაღის მწარმოებლის დირექტორის მკვლელობის მცდელობა - კრემლის სპეცსამსახური ახალ სკანდალში გაეხვა

ევროპა რუსეთის თავდასხმის სამიზნე გახდა. კრემლის დავალებით უშიშროების ფედერალური სამსახური დივერსიებს მთელი კონტინენტის მასშტაბით ახორციელებს. რუსეთის სპეცსამსახურმა ნადირობა დასავლური იარაღის მწარმოებელი კორპორაციების ხელმძღვანელებზე გამოაცხადა.

CNN-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით გაირკვა, რომ აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს მიერ, ევროპელი კოლეგებისთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებულმა სპეცოპერაციამ, გერმანიის იარაღის მწარმოებელი უმსხვილესი კონცერნის დირექტორის დაგეგმილი მკვლელობა ჩაშალა.

ფაქტს იენს სტოლტენბერგი, ვაშინგტონში NATO-ს სამიტზე გამოეხმაურა. ალიანსის გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ "რეინმეტალის" დირექტორის, არმინ პაპპერგერის მკვლელობას, რუსეთი NATO-ს დასაშინებლად ამზადებდა.

წელს რუსული დივერსიის აქტები მთელი ევროპის მასშტაბით გავრცელდა.

იარაღის ინდუსტრიის გარდა, რუსეთის თავდასხმის სამიზნე ევროპაში დისლოცირებული NATO-ს სამხედრო მოსამსახურეები არიან. ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად, NATO-მ საკუთარ ბაზებზე უსაფრთხოების განსაკუთრებული პროტოკოლი აამოქმედა. სამხედროები დივერსიის საფრთხის შესახებ უკვე გააფრთხილეს.

ვაშინგტონში გამართულ NATO-ს სამიტზე ევროპელი მოკავშირეებისთვის განხილვის მთავარ საკითხს რუსეთიდან მომავალი აგრესია წარმოადგენდა. პანელის დროს მოდერატორმა NATO-ს ლიდერების განუხილველად სამი საკითხი დააყენა: არის თუ არა ევროპა რუსეთის თავდასხმის ახალი სამიზნე, შეეგუება თუ არა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ახალ რეალობას და არის თუ არა კონტინენტი რუსეთთან ომში.

საკითხზე პოზიცია NATO-ს ლიდერებს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში მომავალმა უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა გაუზიარა.

მედიის მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ რუსეთის დაზვერვის სამსახურები ჯაშუშობის მიზნით, ევროპაში ადამიანების მოძიებას და გადაბირებას ""ტელეგრამის"" ჩატის საშუალებით ახდენენ, საგადასახადო ანგარიშების დამალვის მიზნით კი კრიპტოვალუტას იყენებენ. "კა გე ბე"-ს სქემებში ჩართულმა ზოგიერთმა პირმა არც კი იცის, ვის დავალებას ასრულებს და რა მიზანს ემსახურება მისი ქმედებები.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები