29 სექტემბერი 2024,   05:34
ვრცლად
"ეს აქტი შემოინახა წინასაარჩევნოდ იმისთვის, რომ რამენაირად მოიმხროს ადამიანები" - თინა ბოკუჩავა ამნისტიის კანონპროექტზე

ოპოზიციის ნაწილი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს. "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ პრობაციონერებზე რეალური ზრუნვა არჩევნების შემდეგ დაიწყება, როცა, მისი თქმით, ახალი მთავრობა სამართლებრივ რეფორმებს გაატარებს.

"რეალური ამნისტია და სამართალი ამ ადამიანებთან აუცილებლად მივა 26 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ახალი ხელისუფლება, პირველ რიგში, გავატარებთ სამართლებრივ რეფორმებს. ეს იქნება ამ ადამიანებზე, მათ უფლებებზე და მათ ოჯახებზე ზრუნვა და არა ხელისუფლების წინასაარჩევნო მცდელობები, რომ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მიტოვებული ჰყავს, იქნებ თავისკენ შემოაბრუნოს,"- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავაც ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯი ამომრჩევლის გადასაბირებლად არის გადადგმული.

"ეს აქტი შემოინახა წინასაარჩევნოდ იმისთვის, რომ ამით რამენაირად მოიმხროს ადამიანები და მიიღოს მათი ლოიალობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი წინასაარჩევნო ნაბიჯით, ივანიშვილი ვერ მიიღებს საქართველოს მოქალაქეების ნდობას,"- აცხადებს თინა ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, რომ მომავალი კვირიდან, პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს. სიახლე დაუყოვნებლივ გათავისუფლების სახით, პატიმართა, დაახლოებით, 10%-ს შეეხება. საერთო ჯამში, ამნისტია სხვადასხვა ფორმით, პატიმრების ერთ მესამედზე და 300-მდე მუხლზე გავრცელდება.

კანონპროექტი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულებს არ შეეხებათ.

 

დღის ამბები