29 სექტემბერი 2024,   05:25
ვრცლად
მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას პარტიასთან გაერთიანებას, კატეგორიულად აღარ გამორიცხავს - ოპოზიციის წინასაარჩევნოდ გადალაგების გეგმა

მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას პარტიასთან გაერთიანებას კატეგორიულად აღარ გამორიცხავს. ამბობს, რომ ამ ეტაპზე, კონსულტაციები არ აქვთ, თუმცა მისი აზრით, პოლიტიკურ ლიდერებს შორის დალაპარაკება შესაძლებელია. ხაზარაძე-გახარიას შორის კი პრეტენზიები არაერთ საკითხს უკავშირდება - ე.წ. მუქარის წერილს, 20 ივნისის მოვლენებს, ანაკლიის პორტს, ბრალდებებს თაღლითობასა და საინვესტიციო პირობების დარღვევას. გახდება თუ არა, სალომე ზურაბიშვილი მედიატორი ყოფილ ბანკირსა და ყოფილ პრემიერს შორის? - ხაზარაძე აცხადებს, რომ ასეთ მოცემულობაზე არ უფიქრია, თუმცა ოპოზიციის ძალები საარჩევნოდ გასაერთიანებელია.

აქამდე მასთან მწვავედ დაპირისპირებული ხაზარაძისთვის, თავად გახარიას დღეს არ უპასუხია - ისევე როგორც მის თანაგუნდელებს, რომლებიც "ლელოს" მათი პარტიის სტრატეგიულ მოკავშირედ თვლიან, განსხვავებით "ნაციონალური მოძრაობისგან".

ყოფილი პრემიერის პოზიცია პოლიტიკური სპექტრის ნაწილისთვის თანხმობის ნიშანია. პირველ რიგში კი "ხალხის ძალისთვის", რომელიც რამდენიმე დღეა ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ, "ქართული ოცნების" ყოფილი წევრების ერთობა იქმნება, რომელიც თავის მხრივ, ხაზარაძე-გახარიას ალიანსისთვის მოფიქრებული სპეციალური სქემაა.

5-ის გარდა, 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის იმედი, 4 ნომრით გაერთიანებულ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წევრებსაც აქვთ. გვარამია-მელიას პარტია, რომელიც ხაზარაძე-ჯაფარიძესთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების მიუხედავად, ხოშტარია-ჯაფარიძესთან გაერთიანდა, "ლელოს" საკუთარ პლატფორმაში ისევ ეპატიჟება. ეს კონფიგურაცია, "გირჩის" აზრით, სწორია, თუმცა ზურა ჯაფარიძის ყოფილი თანაგუნდელები ფიქრობენ, რომ ხაზარაძის პარტია სხვებისთვის მიმზიდველი მხოლოდ ფინანსური რესურსის გამოა.

მიმდინარე გადაჯგუფების მიუხედავად, სრულიად ოპოზიციური სპექტრი რომ სწორედ "ნაციონალური მოძრაობას" წარმოადგენს, ამაზე დიდი ხანია, საუბრობს მმართველი პარტია. სახელისუფლებო გუნდი საკუთარ შანსებში დარწმუნებულია, და ამიტომ ამბობს, რომ მათი ოპონენტები ამომრჩევლის დაბნევის ტაქტიკას მიმართავენ. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიები იძულებულები არიან, ძველი წყენებიც დაივიწყონ.

2 ოპოზიციური პლატფორმა უკვე არსებობს. 2 პარტია კი ამ დრომდე კონსულტაციების რეჟიმშია. ერთად თუ ცალ-ცალკე, საბოლოოდ რა გზას აირჩევენ გახარიას და ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდები, ეს უკვე მალე გამოჩნდება. არჩევნებამდე დრო მცირდება, პოლიტიკური ტემპერატურა კი იზრდება.

დღის ამბები