29 სექტემბერი 2024,   05:34
ვრცლად
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს ესროლეს - რა ვითარებაში მოხდა თავდასხმა და ვინ არის პირი, ვინც ტრამპს სიტყვით გამოსვლისას ესროლა

13 ივლისის საღამო, პენსილვანია, 18:15 საათი, დონალდ ტრამპი მორიგ წინასაარჩევნო  შეხვედრას მართავს. რესპუბლიკელი კანდიდატი მოსახლეობას მიმართავს. მალევე, ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტს სიტყვას ტყვია აწყვეტინებს. ისმის რამდენიმე გასროლის ხმაც.

სროლის შემდეგ, ტრამპის სახის გამომეტყველება იცვლება. ყოფილ პრეზიდენტს მარჯვენა ხელი ყურთან მიაქვს და მალევე ტრიბუნას ეფარება. გავრცელდა ფოტოც, სადაც ჩანს მიზანში ამოღებული დონალდ ტრაპის მისამართით ნასროლი ტყვიის ტრაექტორიაც.

თავდასხმიდან რამდენიმე წამში, სცენას ამერიკის საიდუმლო სამსახურის შეიარაღებული აგენტები იკავებენ. ისინი დაჭრილი დონალდ ტრამპის გარშემო დამცავ წრეს კრავენ და ყოფილ პრეზიდენტს ეფარებიან. ტრამპის სახის მარჯვენა მხარეს და ყურზე სისხლის კვალი ჩანს.

მალევე, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს დონალდ ტრამპი ადგილიდან გაჰყავთ. ეძებს დაკარგულ ფეხსაცმელსაც. გასვლამდე, პრეზიდენტობის კანდიდატი პირად დაცვას რამდენიმე წუთს სთხოვს, ჩერდება და მხარდამჭერებს ბრძოლისკენ მოუწოდებს. მხარდამჭერების მხრიდან ისმის საპასუხო შეძახილები და სკანდირება.

გავრცელდა კადრებიც, სადაც სცენასთან ახლოს მდგარი საწყობის სახურავზე ჩანან სნაიპერები, რომლებიც სროლას იწყებენ მაშინ, როცა პრეზიდენტობის კანდიდატი ამომრჩევლებს ჯერ კიდევ მიმართავს. მიზანში ამოღებულ ამერიკის 45-ე პრეზიდენტს ტყვიამ ყური გაუხვრიტა. დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის სპიკერმა თავდასხმიდან მალევე განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობდა და მკურნალობას ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადიოდა.

ინციდენტის დროს, ტრამპთან ერთად დაიჭრა ორი ადამიანი, დაიღუპა ერთი. თვითმხილველები მომხდარის პირველ წუთებს იხსენებენ.

ამერიკის ყოფილ პრეზიდენტი, რომელიც ისევ პრეზიდენტობისთვის იბრძვის, 20 წლის თომას მეთიუ კრუქსიმ დაჭრა. მისი ვინაობა ამერიკის ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა დნმ-ის ტესტის საფუძველზე დაადგინეს. შეიარაღებული კაცი, რომელმაც პრეზიდენტს ესროლა, შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით, 70 კილომეტრით დაშორებულ დასახლებაში ცხოვრობდა. კრუქსი რესპუბლიკელების ამომრჩევლად იყო დარეგისტრირებული, თუმცა ფედერალური კამპანიის ანგარიშების მიხედვით ირკვევა, რომ მან 2021 წლის 20 იანვარს 15 დოლარი დემოკრატებს გადაურიცხა.

რატომ ესროლა 20 წლის თომას მეთიუ კრუქსიმ დონალდს ტრამპს - მოტივი ამ დრომდე უცნობია. ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარს სამართალდამცავები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის მუხლით იძიებენ.

მომხდარიდან რამდენიმე საათში, რესპუბლიკური პარტიის წამყვანი საპრეზიდენტო კანდიდატი ჯერ მის მიერ შექმნილ სოციალურ პლატფორმაზე გამოჩნდა და სამართალდამცავებს მადლობა გადაუხადა, შემდეგ კი ნიუ-ჯერსის აეროპორტში - თვითმფრინავის ტრაპზე. თავდასხმის მსხვერპლს მორიგი გზავნილი ჰქონდა დღესაც.

ყოფილ პრეზიდენტზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა მოქმედიც. დელავერის შტატის რეობოტ ბიჩში მყოფმა ჯო ბაიდენმა ამერიკელებს მიმართა და ისიც განაცხადა, რომ კონკურენტთან ტელეფონით საუბარს აპირებდა.

13 ივლისის საღამო ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყოფილ პრეზიდენტზე თავდასხმის თარიღად სამუდამოდ ჩაიწერება. ვინაიდან თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, მოტივის დადგენა, ამ დროისთვის, შეუძლებელია. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ უახლოეს კვირებსა და თვეებში გამოძიება ყველაფერს დაადგენს.

 

დღის ამბები