29 სექტემბერი 2024,   05:29
ვრცლად
ოპოზიციურ ველზე გადაჯგუფების ფონზე, გიორგი გახარიას "ლელოს" "განაცებისგან" გადარჩენა სურს - ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდი გახარიასთან მოლაპარაკებებს არ ადასტურებს

ოპოზიციურ ველზე გადაჯგუფების ფონზე, გიორგი გახარიას, "ლელოს" "განაცებისგან" გადარჩენა სურს. ხაზარაძე-ჯაფარიძის ერთობა - გახარიასთვის წინასაარჩევნოდ ყველაზე ახლოს მდგომ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს. თუმცა, მათი გზების გადაკვეთაზე შეთანხმების მიღწევას ჯერ ვერ ახერხებენ. პარტია "საქართველოსთვის" წევრები ამბობენ, რომ შეთავაზება გაკეთებულია და დეტალებზე საუბარი მათ ინტერესში აღარაა.

პარტია ”საქართველოსთვის” ლიდერი, "ლელოსთან" დაკავშირებით მის სურვილს პრაგმატულ პოლიტიკურ ინტერესს უწოდებს. გიორგი გახარიას გუნდთან კონსულტაცია, ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიაში არ დაადასტურეს. ზოგადად კი ამბობენ, რომ ითანამშრომლებენ ყველასთან, ვისი მიზანიც ქვეყნის ინტერესებია.

გახარია და ხაზარაძე-ჯაფარიძის შესაძლო გაერთიანებაზე საუბრის დროს, მმართველ პარტიას მათი წარსული ურთიერთობა ახსენდება. "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, გახმაურებული სკანდალის შემდეგ, მინიმუმ უცნაურია ამ პოლიტიკურმა ძალებმა სამომავლო კავშირზე იფიქრონ.

პოლიტიკური ძალები, რომლებიც არჩევნებში დამოუკიდებლად ერთვებიან მიაჩნიათ, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალას იდეოლოგია არ აკავშირებს და მიზანი ფინანსური უზრუნველყოფაა. "ლელოსთან" შეკავშირება, გახარიამდე, პარტია "ახალსაც" სურდა, თუმცა სტრატეგიაზე შეუთანხმებლობის გამო, მოლაპარაკებები გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ჩაიშალა. ”ნაციონალური მოძრაობაში”, რომლისგან გადარჩენასაც გახარია "ლელოს" უპირებს, ამბობენ, რომ პირადი ეგო გვერდით უნდა გადაიდოს და მთავარია ოპოზიციამ ხმები არ დაკარგოს.

შინაარსის გარეშე მომზადებული ტაქტიკა და სტრატეგიაა პარლამენტის თავმჯდომარისთვის ის გადაადგილებები, რაც ოპოზიციაშია. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარტიები საკუთარი სურვილის წინააღმდეგ კონკრეტული მიზეზით მოქმედებენ.

2024 წლის არჩევნებში წარმატების გარანტია, ოპოზიციისთვის სწორედ გაერთიანებებშია, მმართველი პარტია კი მათ ნებისმიერ ასეთ მცდელობას კრახს უწინასწარმეტყველებს. საბოლოოდ ვინ რა კონფიგურაციას შესთავაზებს ამომრჩეველს ეს ცნობილი წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გახსნის შემდეგ გახდება.

დღის ამბები