29 სექტემბერი 2024,   05:28
ვრცლად
დგას თუ არა ირანი დონალდ ტრამპზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის უკან - გამოძიება აშშ-ის ექსპრეზიდენტის საქმეზე

აწყობდა თუ არა ირანი, ყოფილი პრეზიდენტის მოსაკლავად, შეთქმულებას? კითხვა აქტიურად მას შემდეგ ისმის, რაც ამერიკულმა მედიამ დაწერა, რომ სადაზვერვო სამსახურს ტრამპის მკვლელობის შესახებ ირანულ გეგმაზე ინფორმაცია ჰქონდა. შესაძლო საფრთხის პრევენციის მიზნით, ამომრჩევლების წინაშე ტრამპის გამოსვლამდე, გაიზარდა საიდუმლო სამსახურის იმ თანამშრომელთა რიცხვიც, რომლებიც ყოფილ პრეზიდენტს იცავდნენ.

ექსპრეზიდენტის მკვლელობის მცდელობაში ირანის კვალი და თეირანის კავშირი თომას მეთიუ კრუკსის დანაშაულთან ოფიციალურად არ დასტურდება. ტრამპის მოსაკლავად, შეთქმულებაში მონაწილეობას უარყოფს ირანიც.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება. მათი თქმით, წლების განმავლობაში, ისინი თვალყურს ადევნებენ ექს-პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ჩინოვნიკების მიმართ ირანის მუქარებს. მუქარა კი, 2020 წელს, ტრამპის ბრძანებით მოკლულ "ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის" ყოფილ მეთაურს, ყასემ სოლეიმანს უკავშირდება. ტრამპის მიმართ ირანელების სიძულვილზე საუბრობს ყოფილის პრეზიდენტის ოჯახიც.

ამ დრომდე, უცნობია დამნაშავის პოლიტიკური იდეოლოგიაც. FBI-ის ყოფილი აგენტები მედიასთან აცხადებენ, რომ დანაშაული ტრამპის პოლიტიკური ამბიციების გასანადგურებლად განხორციელდა.

ეჭვმიტანილს თავისი მანქანა აქციის მახლობლად ჰყავდა გაჩერებული, იქ კი პოლიციამ დისტანციურად მართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ, დამნაშავის ლიკვიდაციის გარეშე, მსხვერპლის მასშტაბი გაიზრდებოდა. შენობის სახურავი სადაც ეჭვმიტანილი აცოცდა, სრიალა ზედაპირის მქონე იყო. საიდუმლო სამსახურში აცხადებენ, რომ, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მათ თანამშრომლები შენობის შიგნით ჰყავდათ და არა ზედაპირზე.

მომხდარის შემდეგ, საიდუმლო სამსახურს არაეფექტიან მუშაობაში ადანაშაულებენ, თუმცა საიდუმლო სამსახურის დირექტორი აცხადებს, რომ შენობა, სადაც დამნაშავე იმყოფებოდა, ტრამპის ღონისძიების სივრცის მიღმა იყო, რის გამოც, პასუხისმგებლობას საიდუმლო სამსახური ადგილობრივ პოლიციას აკისრებს.

 

დღის ამბები