29 სექტემბერი 2024,   05:25
ვრცლად
ჩვენს კონტინენტზე აგრესიას ერთად ვუპასუხებთ, რადგან რუსეთისგან მომდინარე საფრთხე ევროპას ღრმად სწვდება - კირ სტარმერი

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი დასასრულს უახლოვდება. შეხვედრა, რომელსაც დაახლოებით 50 ქვეყნის ლიდერი, მათ შორის, საქართველოს პრემიერი ესწრება, ერთობლივი დეკლარაციის მიღებით დაიხურება.

სამიტს გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერ-მინისტრი მასპინძლობს. ძირითად თემებს შორისაა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და არალეგალური მიგრაცია, თუმცა სხვადასხვა საკითხზე პანელური დისკუსიები იმართება. ერთ-ერთი მათგანი, ენერგეტიკას და დაკავშირებადობას დაეთმო.

დისკუსიაში მონაწილეობდა ირაკლი კობახიძე, რომელმაც ევროპის ენერგო უსაფრთხოების შესახებ ინიციატივები წარადგინა და ყურადღება საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაზე გაამახვილა. ამას გარდა, შედგა კომუნიკაცია ევროპელ ლიდერებთან.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, მისი ლიდერობით ბრიტანეთი იქნება მეგობარი და პარტნიორი, რომელიც უმუშავებს ერთობლივად არა როგორც ევროკავშირის წევრი, არამედ როგორც ნამდვილი ევროპელი.

"ჩვენს კონტინენტზე აგრესიას ერთად ვუპასუხებთ, რადგან რუსეთისგან მომდინარე საფრთხე ევროპას ღრმად სწვდება. მე არ ვარ რომელიმე იდეოლოგიით მართული, არამედ იმით, თუ რა არის ჩემი ქვეყნის საუკეთესო ინტერესში : ეს გულისხმობს ევროკავშირთან განახლებულ ურთიერთობებს, რადგან მჯერა პარტნიორები და ძლიერი ძალა ვართ ამ კონტინენტზე მშვიდობის, უსაფრთხოების, კეთილდღეობის თვალსაზრისით. ვიდრე აქ ვსაუბრობთ, კრიმინალური იმპერია მუშაობს თითოეულ იმ ქვეყანაში, რომელიც აქაა წარმოდგენილი. ჩემი ლიდერობით ბრიტანეთი იქნება მეგობარი და პარტნიორი, რომელიც უმუშავებს თქვენთან ერთად არა როგორც ევროკავშირის წევრი, არამედ როგორც ნამდვილი ევროპელი", - აღნიშნა კირ სტარმერმა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას რაც უფრო ეფექტური საჰაერო სისტემა ექნება, მით უფრო დაუცველი იქნება პუტინი.

"მე აქ სამი გზავნილით ვარ : ჩვენ ევროპაში ერთობა შევინარჩუნეთ და ერთად ვმოქმედებთ. რაც პუტინის მარცხს გულისხმობს,რადგან მას სწორედ ევროპის დაყოფა სურდა. შეიძლება პუტინმა თქვენთან მოახლოება თქვენივე პარტნიორებით სცადა, რომლებიც ცდილობენ გაცდუნონ ან ზეწოლა განახორციელონ თქვენზე. ევროკავშირსა და ნატოს ამ ერთი ადამიანის გარეშეც შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება. რაც უფრო ეფექტური საჰაერო სისტემა გვექნება, მით უფრო დაუცველი იქნება პუტინი. მადლობას გიხდით რადგან თქვენ გვიჩვენეთ,რომ ევროპამ ურთულეს ვითარებებშიც კი უერთგულა უკრაინას", - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები