29 სექტემბერი 2024,   05:33
ვრცლად
ვითარება ლონდონის ჰითროუს აეროპორტში - გლობალური IT პრობლემებიდან გამომდინარე თბილისში გამოფრენას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს "კურიერის" ჟურნალისტი

კომპიუტერული სერვისის გლობალური გათიშვის გამო მსოფლიო მიყენებული ზიანის ნელ-ნელა აღდგენას ცდილობს, თუმცა პრობლემები ამ დრომდე რჩება არა ერთ უწყებაში, მათ შორის აეროპორტებში, სადაც ფრენების გადადების გამო რიგები და ქაოსია.

ამ დრომდე პრობლემებია ლონდონის ჰითროუს აეროპორტში. გაურკვევლობაში მოხვდა "კურიერის" ჟურნალისტი და წამყვანი ანუკა ბუავაც, რომელიც ლონდონიდან თბილისში გამოფრენას ჯერ კიდევ გუშინ ცდილობდა, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.

"ამ დროისთვისაც ვიმყოფებით ლონდონში, ჰითროუს აეროპორტში, საიდანაც უნდა ყოფილიყო ჩვენი ფრენა თბილისის მიმართულებით ჯერ კიდევ გუშინ, თუმცა, როგორც კი მოვედით ადგილზე, მაშინვე განგვიმარტეს, რომ ჩვენი ფრენა იყო გაუქმებული გლობალური IT პრობლემებიდან გამომდინარე.

დაგვაკმაყოფილეს სასტუმროთი და, შესაბამისად, იქ დავრჩით. განგვიმარტეს, ასევე, რომ დაგვიჯავშნიდნენ სხვა რეისზე ფრენას და მოხდებოდა ჩვენი ბილეთების გადაცვლა, თუმცა უკვე 2 დღე გავიდა და "ლუფთჰანზას" არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. ჩვენ ვცდილობთ ცხელ ხაზზე დაკავშირებას მათთან, თუმცა 2 დღეა ფაქტობრივად პარალიზებულია და გადატვირთულია "ლუფთჰანზას" ცხელი ხაზი, ვინაიდან საკმაოდ დიდი რიგია ამ პრობლემიდან გამომდინარე. ჰითროუს აეროპორტში გუშინ 4 რეისი მხოლოდ "ლუფთჰანზამ" გააუქმა და ჯამში, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, 73 რეისი გაუქმდა ლონდონის მასშტაბით. მგზავრებს ძირითადად საკუთარი ძალებით უწევთ ახალი ფრენის დაჯავშნა, ბილეთების გადაცვლა ან ახალი ბილეთის შეძენა," - ამბობს ანუკა ბუავა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ მასშტაბური შეფერხების მიზეზად მაიკროსოფტის კიბერ-უსაფრთხოებითი სისტემა დასახელდა - კერძოდ კი ანტივირუსული პროგრამა, რომელიც დეფექტურად განახლდა და დომინოს პრინციპით, ყველგან გავრცელდა. "მაიკროსოფტის უინდოუსში" მომუშავე კომპანიები პარალიზებული იყო ავსტრალიაში, ამერიკაში, ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. სუპერმარკეტები, სააფთიაქო ქსელები, საავადმყოფოები, საბაჟოები, საბანკო სექტორი - IT გათიშვამ ყველა მათგანი მნიშვნელოვნად დააზარალა, თუმცა ყველაზე მეტად მუშაობა ტრანსპორტს გაუჭირდა.

დღის ამბები