29 სექტემბერი 2024,   05:36
ვრცლად
ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის მცდელობა - თავდასხმის შემდეგ ტრამპმა ოვალური კაბინეტისთვის ბრძოლა კიდევ ერთხელ, ოფიციალურად დაიწყო

ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის მცდელობიდან 8 დღის შემდეგ პასუხებზე მეტი ისევ შეკითხვებია. ქილერი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკვლას ცდილობდა, ლიკვიდირებულია, ამიტომ გამოძიების ფედერალური ბიურო პენსილვანიის შტატში მომხდარი თავდასხმის სურათის აღდგენას და მოტივის დადგენას ცდილობს.

ქალაქი ბატლერი, 13 ვილისი, საღამოს 6:10 საათი – ათასობით მხარდამჭერის წინაშე, შტატების 45-ე პრეზიდენტს სნაიპერი ესვრის.

ტყვია სამიზნეს ხვდება, თუმცა არა მიზანში. მილიმეტრები დონალდ ტრამპის ბედს განსაზღვრავს. 45-ე პრეზიდენტი ცოცხალია მაგრამ დაჭრილი.

დონალდ ტრამპს 140 მეტრის დაშორებიდან ესროლეს. FBI-ის ინფორმაციით, შენობის თავზე ჩასაფრებულმა თომას მეთიუ კრუქსმა, ნახევრად ავტომატური ტიპის იარაღიდან 8-ჯერ გასროლა მოასწრო, სანამ საპასუხო ტყვიამ თავად დამნაშავე არ იმსხვერპლა.

თავდამსხმელი პირველად 3-ჯერ ისვრის, საიდანაც ერთი ტყვია დონალდ ტრამპს ყურზე ხვდება. ამის შემდეგ სამიზნე იხრება და უსაფრთხოების სამსახური მას ფიზიკურად ეფარება. ისმის კიდევ 5 გასროლის ხმა – პირველი გასროლიდან ზუსტად 42 წამში კი თავდამსხმელს ანეიტრალებენ.

სცენას, სადაც რესპუბლიკელი ტრამპი იდგა, დაცვის 6 თანამშრომელი იცავდა, მთელს პერიმეტრს კი საიდუმლო სამსახურის რამდენიმე სნაიპერი აკონტროლებდა. ფაქტს მხარდამჭერებთან შეხვედრისას გადაღებული ვიდეოებიც მოწმობს.

როგორ შეძლო 20 წლის მეთიუ კრუქსმა სცენიდან დაახლოებით 140 მეტრში მდებარე შენობის სახურავზე იარაღით ასვლა ისე, რომ საიდუმლო სამსახურისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო? რესპუბლიკელი სენატორი საჯარო და დეტალურ გამოძიებას ითხოვს.

გამოძიება დეტალებზე ჯერ არ საუბრობს, თუმცა უკვე ითქვა, რომ დამნაშავე მარტო, მამის კუთვნილი იარაღით მოქმედებდა.

გამოძიება ტრამპზე თავდასხმის დეტალებს არკვევს, ტრამპის საარჩევნო კამპანია კი მომხდარის მიუხედავად შეუფერხებლად გრძელდება. მეტიც, მკვლელობის მცდელობიდან 6 დღეში, ტრამპი რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად გამოცხადდა, თუმცა ასე აქ მხოლოდ ტრამპი არ არის, სოლიდარობის ნიშნად დელეგატების უმრავლესობას ყურზე თეთრი სახვევები უკეთიათ.

93 წუთიან გამოსვლაში, ტრამპმა პოლიტიკური საკითხების გარდა მასზე მომხდარი თავდასხმაც გაიხსენა. 78 წლის ყოფილმა პრეზიდენტმა დეტალურად აღწერა, როგორ ჩახედა სიკვდილს თვალებში.

თეთრი სახლის ოვალური კაბინეტისთვის ბრძოლა 78 წლის ტრამპმა, კიდევ ერთხელ და ოფიციალურად დაიწყო. რას შეცვლის მომხდარი თავდასხმა? ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც მსოფლიო ბოლო დღეებია მსჯელობს. პარალელურად, არ წყდება დისკუსია გამოეთიშება თუ არა პრეზიდენტი ბაიდენი საარჩევნო რბოლას და მოხსნის თუ არა საკუთარ კანდიდატურას.

ამაზე საუბრობენ გავლენიანი გამოცემებიც, მათ შორის "ვაშინგონ პოსტი", რომელმაც ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა ნენსი პელოსმა მოქმედ პრეზიდენტს ურჩიეს, გადახედოს გადაწყვეტილებას არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ბაიდენის ახლო გარემოცვის მსგავსად, წამყვანი დემოკრატი კანონმდებლები და საარჩევნო კამპანიის სპონსორების ნაწილიც არ არიან დარწმუნებულები, რომ 81 წლის პრეზიდენტი არჩევნების მოგებას შეძლებს, ამიტომ ფიქრობენ, რომ მან გზა სხვა კანდიდატებს უნდა გაუხსნას. დემოკრატების ყრილობა 19 აგვისტოს ჩიკაგოში გაიმართება, რა დროსაც პარტია კანდიდატს ოფიციალურად დაასახელებს.

ავტორი: იზი ბურნაძე

დღის ამბები