16 სექტემბერი 2024,   14:50
ვრცლად
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნის კონსტიტუციური აქტის შეჩერება პრეზიდენტის უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევაა, მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ - გიორგი მსხილაძე

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეჩერდა.

გიორგი მსხილაძე ამბობს, რომ სასამართლო პირდაპირ ჩაერია პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში.

"პირველი – თქვენ ამ თვითნებობის უფლება არ გაქვთ. მეორე – ეს არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევა. მესამე – ეს არის კიდევ ერთი დასტური სასამართლოს კლანური მმართველობის, რომლისთვისაც ერთი განსხვავებული აზრიც კი მიუღებელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევა, მიუღებელია საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისთვის. დღეს გაუგონარი რამ ხდება. ეს უკვე მთლიანად ქვეყნის ტრაგედიაა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ არავის აქვს უფლება, დემოკრატიულად, ხალხის მიერ არჩეულ სახელმწიფოს მეთაურს წაართვას მისთვის კონსტიტუციურად მინიჭებული უფლებამოსილება.

მივმართავთ საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ეუთო/ოდირს, რომლის წარმომადგენლებიც აკვირდებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კანდიდატურის შერჩევის პროცესს. ეს იყო გამჭვირვალე პროცესი. მივმართავთ და მოვუწოდებთ ყველას, აღნიშნულ საკითხზე მოახდინონ სათანადო რეაგირება", – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

დღის ამბები