19 სექტემბერი 2024,   03:17
ვრცლად
მიხაილ როთმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს, ამიტომ ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს მასთან შესახვედრად - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი საქართველოში ოპოზიციასთან შესახვედრად არის ჩამოსული.

მისი განმარტებით, როთმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს, რის გამოც მმართველ გუნდს მასთან შეხვედრის არანაირი სურვილი არ აქვს.

"ოპოზიციის მხარდასაჭერად არის ჩამოსული და ვნახავთ ალბათ, რომ ოპოზიციის რიგი დადგება მასთან შესახვედრად. ამ ადამიანმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს, ამიტომ ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს მასთან შესახვედრად. შეურაცხყოფა მიაყენა ქართველი ხალხის ეკლესიას, ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ქართულ დემოკრატიას, როგორც უცხო ქვეყნის პოლიტიკოსი დადგა ანტისახელისუფლებო დემონსტრაციაზე რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად. ამიტომ, ის ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს იმაში, თუ რა დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან. ქართველ ხალხს მიაყენა შეურაცხყოფა და ამით ყველაფერი ნათქვამია და სამწუხაროა, რომ დღემდე მისი მხრიდან სინანული ამ საკითხზე არ გვსმენია. ეს ნიშნავს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას და ეს ნიშნავს უცხო ქვეყნის წარმომადგენლის ჩარევას შიდა პოლიტიკაში. მე იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები ამას თავის ანგარიშებში ასახავენ. გერმანიაში წინა საარჩევნო კამპანიის დროს, რომელიმე ქვეყნის პოლიტიკოსი რომ ჩასულიყო იქ და ისე მოქცეულიყო, როგორც ახლა ბატონი როთი იქცევა, ეს რა თქმა უნდა დიდი სკანდალი იქნებოდა იმ ქვეყანაში. ეს საერთო ჯამში არის პრობლემა. ქართველ ხალხს 26 ოქტომბერს ექნება შესაძლებლობა აირჩიოს უნდათ მიხილ როთის ჭკუაზე იარონ თუ საკუთარ ჭკუაზე იაერონ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

დღის ამბები