19 სექტემბერი 2024,   03:24
ვრცლად
არცერთ გმირს, რომელმაც 2008 წელს თავი შესწირა ქვეყნის დამოუკიდებლობას, ბოდიში არავისთან არ აქვს მოსახდელი - გიორგი ბოტკოველი ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე

ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებული განცხადებასთან დაკავშირებით, ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები კეთდება - ოპოზიციაში შეფასებები არაერთგვაროვანი და კრიტიკულია. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია, როგორც ქვეყნის ინტერესებისთვის, ისე საქართველოს მოსახლეობისთვის.

"არცერთ გმირს, რომელმაც 2008 წელს თავი შესწირა ქვეყნის დამოუკიდებლობას, ბოდიში არავისთან არ აქვს მოსახდელი. არც მათ ოჯახებს აქვს ბოდიში მოსახდელი, არც ჩვენს ქვეყანას აქვს ბოდიში მოსახდელი არავისთან, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც საქართველომ აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო სასამართლოზე, ეს იქნებოდა სტრასბურგის, თუ ჰააგის სასამართლო, საქართველომ გაიმარჯვა და რუსეთი აღიარებულია, როგორც აგრესორი," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ბოტკოველმა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადება გაუგებარია "გირჩშიც."

"რაც არ უნდა ჩანაფიქრი გქონოდა ის არ გამოგივიდა. შეუძლებელი მგონია, ჩანაფიქრი ის ყოფილიყო, რომ მოდი ახლა დაღუპული გმირების ოჯახის წევრები გავაბრაზო, ნერვები მოვუშალო და შეურაცხყოფა მივაყენო - ეს ასე გამოუვიდა.

ბოდიშის მოხდას რაც შეეხება, შეიძლება საქართველოში ვიღაცებს ვიღაცებზე ჰქონდეთ ბოდიში მოსახდელი, მითუმეტეს, 90-იან წლებში დასაწყისის მდგომარეობაზე, ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე, მაგრამ 2008 წლის ამბავზე ჩვენ ოსებს ბოდიში რაზე უნდა მოვუხადოთ მეც კი ვერ გავიგე," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა გორში, "ქართული ოცნების" რეგიონულ შეხვედრაზე განაცხადა: - "არჩევნების დასრულებისთანავე აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".

დღის ამბები