29 სექტემბერი 2024,   06:19
ვრცლად
იქნება თუ არა დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი კამალა ჰარისი - ყველაფერი დემოკრატიული პარტიის 19 აგვისტოს ყრილობაზე გადაწყდება

კამალა ჰარისის კრიტიკას დონალდ ტრამპი მიჩვეულია - ჯერ კიდევ წინა არჩევნების დროს ჰყავდა მიზანში ამოღებული ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი და ამბობდა, რომ ის პრეზიდენტი ვერასოდეს გახდებოდა.

 სიტყვებიდან 4 წლის შემდეგ, კამალა ჰარისი, არჩევნებზე, ტრამპის კონკურენტი შესაძლოა გახდეს. პრეზიდენტმა მას მხარი დაუჭრა, თუმცა ვინ შეცვლის ბაიდენს არჩევნებზე, პარტიისა და დელეგატების გადასაწყვეტია. კამპანიის ლიდერებმა თადარიგი უკვე დაიჭირეს და ფედერალურ საარჩევნო კომისიას წერილი გაუგზავნეს, რომელშიც კანდიდატად ჰარისია მითითებული. შეიცვალა სათაურიც ბაიდენი-ჰარისის კამპანიის სოციალურ ქსელში. ჯო ბაიდენის საარჩევნო მარათონიდან გასვლა მოულოდნელი არავისთვის ყოფილა და ამერიკელები მის გადაწყვეტილებას მიესალმებიან. კამალა ჰარისზე კი საზოგადოებაში განსხვავებული პოზიციებია. გასულ კვირას ჩატარებული CBS You Gov-ის გამოკითხვით, ტრამპი კამალა ჰარისს 3%-ით უსწრებდა. ბაიდენი კი 5%-ით ჰყავდა ჩამოტოვებული.

ჰარისის ბიოგრაფიაში, ყველაზე დიდი დრო პროკურორად მუშაობას ეთმობა. ელოდებიან, რომ, კანდიდატად დასახელების შემთხვევაში, სწორედ ამ როლით შევა ის საარჩევნო მარათონში კონკურენტის წინააღმდეგ, რომელიც გასამართლებული დამნაშავეა. აბორტის უფლება, რომლისთვისაც ჰარისი იბრძვის, მას ბევრი ქალი ამომრჩევლის ხმას მოუტანს. ასევე, ჰარისს ადვილად მოაქვს ფერადკანიანთა ხმებიც.

ბაიდენის მიერ კამალა ჰარისის მხარდაჭერას ტრამპის კამპანია სასწრაფოდ გამოეხმაურა და ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენის პოლიტიკის იმ მთავარ საკითხებთან დააკავშირა, რომლის კრიტიკაც ტრამპის წინასაარჩევნო პროგრამის მთავარი ნაწილია.

ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება მსოფლიოს ახალი ამბების მთავარ თემად იქცა. გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში დღეს დილით გამოსული გაზეთების პირველ გვერდებზე ბაიდენის ფოტოა და მოკავშირეები ამერიკის პრეზიდენტს გადაწყვეტილებას უწონებენ. ოლაფ შოლცმა მას, NATO-ს გაძლიერებისა და ამერიკის სანდო პარტნიორობისთვის, მადლობა გადაუხადა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელი ამერიკის მოკავშირე იქნება, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლების სათავეში. ქვეყნის დიდი მეგობარი უწოდა ბაიდენს ავსტრალიის პრემიერმა.

81 წლის ჯო ბაიდენის ისტორიულ ნაბიჯს წინ ურთულესი 25 დღე უძღოდა. ტრამპთან დებატებზე სუსტი გამოსვლის შემდეგ, ბაიდენის კანდიდატურის მოწინააღმდეგე დემოკრატთა რაოდენობა სწრაფად გაიზარდა. ზეწოლის მიუხედავად, პრეზიდენტი არჩევნების მიტოვების წინააღმდეგი იყო და ირწმუნებოდა, რომ ტრამპის დამარცხება შეეძლო. გასულ კვირას, მასთან, დელავერში, სენატის დემოკრატთა ლიდერი ჩავიდა და კამპანიის დათმობა მანაც სთხოვა. მოგვიანებით ბაიდენი მრჩევლებს, კამპანიის მთავარ სტრატეგსა და ვიცე-პრეზიდენტს ესაუბრა.

ამ დროისთვის, ჰარისის გარშემო კონგრესის, ადმინისტრაციისა და სხვადასხვა შტატის გავლენიანი დემოკრატები ერთიანდებიან. თუ პარტია ერთ კანდიდატზე არ შეთანხმდა, ჩიკაგოს შეხვედრა ღია პარტიული ყრილობა იქნება, რაც ბოლოს 56 წლის წინ იყო. კანდიდატად დასამტკიცებლად, ჰარისს 1976 დელეგატის ხმა სჭირდება. ბაიდენის მარათონიდან გასვლის შემდეგ, დონალდ ტრამპი ამერიკის ისტორიაში პრეზიდენტობის ყველაზე ხანდაზმული კანდიდატი გახდა.

დღის ამბები