29 სექტემბერი 2024,   05:24
ვრცლად
მწყობრიდან გამოსული 9 მილიონი კომპიუტერი და სრული ქაოსი საერთაშორისო აეროპორტებში - Microsoft-ის გლობალური კიბერუსაფრთხოების პროგრამა, რომელმაც გლობალური საფრთხე შექმნა

უკვე მეოთხე დღეა, მსოფლიო IT სისტემების გლობალური შეფერხების შედეგებთან გამკლავებას ცდილობს. პრობლემებია აეროპორტებში, საბანკო გადარიცხვებზე, ჯანდაცვის სისტემასა და ტელეკომპანიებში. აეროპორტებში აცხადებენ, რომ კრიზისი დაძლეულია, თუმცა ხარვეზების გამოსწორებაზე ამ დრომდე მუშაობენ. ტომას და პატრიცია ბეტეინების ოჯახი ერთ-ერთია, რომელიც სისტემურმა პრობლემამ დააზარალა. ისინი პარიზიდან შოტლანდიაში მიფრინავდნენ, როდესაც მათი რეისი გაუქმდა, სასტუმროს დაჯავშნა კი ვეღარ შეძლეს. ოჯახი ღამეებს აეროპორტში ათენებს.

გლობალური პრობლემის გამო, ათასობით ფრენა გაუქმდა და ათიათასობით გადაიდო. კრიზისმა აშშ-ის, ევროპის, აზიისა და ლათინური ამერიკის აეროპორტებში გრძელი რიგები გამოიწვია. ავიაკომპანიებმა დაკარგეს წვდომა შემოწმებისა და დაჯავშნის სერვისებზე, ვერ ჩატარდა კლინიკებში ოპერაციები, გაჩერდა რკინიგზა. წარმოქმნილმა პრობლემამ საზოგადოებაში კითხვები გააჩინა ციფრული სამყაროს სისუსტეზე, რომელიც ძირითადი კომპიუტერული სერვისებისთვის მხოლოდ რამდენიმე პროვაიდერზეა დამოკიდებული.

შეფერხებით მუშაობს ლონდონის აეროპორტებიც, მათ შორის - გეტვიკის აეროპორტი. დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ჩამოფრენას, უკვე მესამე დღეა, ცდილობს "კურიერის" გადამღები ჯგუფიც.

გლობალური კრიზისის მიზეზი კიბერუსაფრთხოებაზე მომუშავე კომპანია CrowdStrike-ის მიერ განახლების პროცესი გახდა. CrowdStrike ამერიკული კომპანიაა, რომელიც პროგრამულ უზრუნველყოფას ახორციელებს და ორგანიზაციებს კიბერუსაფრთხოებაში ეხმარება. მას წამყვანი გლობალური ბანკები, ჯანდაცვისა და ენერგოკომპანიები იყენებენ.

ექსპერტები აცხადებენ, რომ, IT სისტემების გლობალური შეფერხების გამო, ხარვეზების გამოსწორებას შესაძლოა, კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდეს. 19 ივლისს მომხდარი შეფერხება, 2017 წლის შემდეგ, ყველაზე მასშტაბურ შემთხვევად დასახელდა. 7 წლის წინ, 150 ქვეყანაში, 300 000 კომპიუტერი გამოვიდა მწყობრიდან, რაც კიბერთავდასხმის შედეგი იყო.

 

დღის ამბები