29 სექტემბერი 2024,   05:36
ვრცლად
ვინ გახდება აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტი - კამალა ჰარისი წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთო

105 დღე ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებამდე - ვის აირჩევს ამერიკა, კამალა ჰარისსა თუ დონალდ ტრამპს? ეს კითხვა აქტიურად მას შემდეგ ისმის, რაც კამალა ჰარისის დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებამ ვაშინგტონში პოლიტიკური ატმოსფერო შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისთვის, ტრამპს ჰარისი 6%-ით ჩამორჩება, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ვიცე-პრეზიდენტს შეუძლია ახალგაზრდების, ქალებისა და ფერადკანიანების ხმები მოიპოვოს. ბაიდენის გადაწყვეტილების შემდეგ, ჰარისი პირველად ჯერ ვაშინგტონში, ახალგაზრდებთან გამოჩნდა, შემდეგ კი ვილმინგტონში.

კამალა ჰარისმა პარტიის კანდიდატად ასარჩევად დემოკრატი დელეგატების საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვა. ჰარისს მხარდაჭერა გამოუცხადა გავლენიანმა დემოკრატმა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა ნენსი პელოსიმ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჯო ბაიდენის კანდიდატურის მოხსნიდან 24 საათში კამალა ჰარისმა 81 მილიონი დოლარის ოდენობის შემოწირულება მოაგროვა. ჰარისის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ ეს აშშ-ის ისტორიაში ერთ დღეში შეგროვებული ყველაზე დიდი თანხაა. ჰარისს, კამპანიის ფარგლებში შეხვედრისას, ბაიდენმა, რომელიც კოვიდის გამო ჯერ კიდევ იზოლაციაში იმყოფება, დაურეკა და საზოგადოების წინაშე უთხრა, რომ ძალიან უყვარს.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ დებატებისას ჰარისს სამართლის სფეროში მნიშვნელოვანი გამოცდილება მოსახლეობის დარწმუნებაში დაეხმარება. თუმცა, ტრამპის ყველაზე დიდი უპირატესობა აუდიტორიის წინაშე მისი თვითდაჯერებულობაა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ თუ კამალას გამარჯვება სურს, მან მხარდამჭერებს უნდა დაუმტკიცოს, რომ ძლიერი ლიდერია. ჰარისს სიტყვით გამოსვლის დროს არ დავიწყებია ტრამპის კრიტიკაც და თქვა, რომ როგორც ყოფილი პროკურორი, ექსპრეზიდენტის ტიპაჟს კარგად იცნობს.

დონალდ ტრამპი და რესპუბლიკელების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ჯეიმს დევიდ ვენსი კი ფიქრობენ, რომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გადატრიალების პროცესი მიმდინარეობს. ყოფილი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები მიიჩნევენ, რომ თუ ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ იყრის კენჭს, ის  პრეზიდენტის პოსტზე არ უნდა დარჩეს.

ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიიდან გასვლის შემდეგ, ჩატარებული პირველი გამოკითხვების თანახმად, კამალა ჰარისი დონალდ ტრამპთან მარცხდება. ამის შესახებ "ნიუსვიქი" წერს. გამოცემის მიხედვით, ამომრჩევლების 51% დონალდ ტრამპს უჭერს მხარს, კამალა ჰარისს კი 43%. კვლევებით, გამოკითხულთა 6%-ს გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული.

დღის ამბები