29 სექტემბერი 2024,   06:15
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის დანიშნული კანდიდატი იუსტიციის საბჭოში უფლებამოსილების შესრულებას ვერ შეუდგა - რა შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში

დანიშნულია მაგრამ ვერ მუშაობს, კახა წიქარიშივილი გუშინ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კუთვნილ კაბინეტში ვერ გამოცხადდა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის რჩეულს ხელი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებამ შეუშალა. წიქარიშვილი ორბელიანების სასახლეში ენჯეოებით დაკომპლექტებულმა კომისიამ სახალხო დამცველის ყოფილ მოადგილესთან ერთად შეარჩია, თუმცა ზურაბიშვილმა არჩევანი მასზე შეაჩერა. პრეზიდენტის განკარგულება კი თავის მხრივ სასამართლომ შეაჩერა.

კახა წიქარიშვილი თავს დაზარალებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელსაც იმავე სასამართლოში ასაჩივრებს. სალომე ზურაბიშვილის დანიშნული კანდიდატი, იუსტიციის საბჭოში უფლებამოსილების შესრულებას ვერ შეუდგა.

კახა წიქარიშვილის დანიშვნის განკარგულება მისი ყოფილი კონკურენტის სარჩელის საფუძველზე შეჩერდა. ადვოკატი მანუჩარ კაკოჩაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს საკუთარი რეპუტაციისა და უფლებების დასაცავად მიმართა, რომელიც მისივე განმარტებით, კომისიამ უხეშად დაარღვია. აცხადებს, რომ კომისიის წევრები იყვნენ მიკერძოებულები, არღვევდნენ პროცედურულ ნორმებს, მოქმედებდნენ ინტერესთა კონფლიქტით და პრეზიდენტს საბოლოოდ მათი ფავორიტი კანდიდატები წარუდგინეს.

კომისიის წევრები კაკოჩაშვილის ბრალდებებს უარყოფენ. აცხადებენ, რომ პროცესი გამჭვირვალედ წარიმართა. ამბობენ, რომ სასამართლოს საქმე სამართალწარმოებაში არ უნდა მიიღო.

კანონმდებლობა პრეზიდენტს საბჭოში საკუთარი კვოტით არამოსამართლე წევრის დანიშვნას კონკურსის წესით არ ავალდებულებს. თუმცა სალომე ზურაბიშვილმა კანდიდატის შერჩევა მისივე შექმნილი კომისიის საშუალებით გადაწყვიტა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტმა პროცედურებიც უნდა დაიცვას, დარღვევის შემთხვევაში კი სასამართლოს შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს და ეს სპეკულაციის საგანი არ უნდა გახდეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას იზიარებს ოპოზიციაც, რომელიც სარჩელის შინაარსის ნაცვლად, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და პრეზიდენტის დისკრეციული უფლების დარღვევაზე საუბრობს.

ოპოზიციის განცხადებები უმრავლესობისთვის გასაკვირი არ არის, თუმცა გაუგებარია თავად სალომე ზურაბიშვილის პოზიცია. ამბობენ, რომ პრეზიდენტი სასამართლოსთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტით მოქმედებს.

პრეზიდენტის დანიშნულ არამოსამართლე წევრს, თამარ ღვამიჩავას საბჭოში უფლებამოსილების ვადა 22 ივლისს ამოეწურა. ახალ წევრად კახა წიქარიშვილი დანიშნა, თუმცა მისი ეს განკარგულება სასამართლომ მოსარჩელის განცხადების საფუძველზე შეაჩერა. სამართალწარმოების დასრულებამდე სალომე ზურაბიშვილს აეკრძალა ახალი კონკურსის ჩატარებაც და სხვა ფორმით, ახალი წევრის დანიშვნაც.

 

დღის ამბები