29 სექტემბერი 2024,   06:16
ვრცლად
"ქართული ოცნება" ივანიშვილის წინააღმდეგ დაგეგმილ ქმედებებს გლობალურ კონტექსტში განიხილავს - როგორ აფასებენ სუს-ში მიმდინარე გამოძიებას პოლიტიკურ სპექტრში

მთავრობის მეთაურისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოში დაგეგმილი ტერორისტული აქტის სამიზნე, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი ყოფილიყო, გასაკვირი არ ყოფილა. საუბარია ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეზე, რომელსაც სუსი იძიებს.

საგამოძიებო უწყება, უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტს სწავლობს.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საფრთხეები, რაზეც სუსი საუბრობს, რეალურია, მით უმეტეს, იმ ფაქტების გათვალისწინებით, რომელსაც ადგილი აშშ-სა და სლოვაკეთში ჰქონდა. პრემიერ-მინისტრმა დღეს იმ ეჭვებზეც ისაუბრა, რომელიც ადვოკატების მხრიდან ტერორიზმის მუხლის დამალვამ გამოიწვია.

ყოფილი სახელისუფლებო ძალისთვის საკითხი არასერიოზულია. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ დღეს თქვა, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და ის მხოლოდ უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგაა მიმართული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებას უარგუმენტოს უწოდებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც. ხელისუფლების ოპონენტები საგამოძიებო უწყებისგან კონკრეტულ ფაქტებს ითხოვენ.

სახელისუფლებო გუნდისთვის ოპოზიციის პოზიცია მოულოდნელი არ ყოფილა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ამ ფორმით მათი ოპონენტები საკითხის გაუბრალოებას ცდილობენ. "ქართულ ოცნებას" საქმის მიღმა არც ოპოზიციის კვალის დანახვა უკვირს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქმეზე გამოძიებას 2-323-ე და 315-ე, მუხლით აწარმოებს. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებებიც, საქმეზე უკვე გამოიკითხა არაერთი პირი.

დღის ამბები