29 სექტემბერი 2024,   06:18
ვრცლად
ლიბერალური ფაშიზმი თუ ტრადიციული ღირებულებები - რატომ ადარებს ირაკლი კობახიძე 26 ოქტომბრის არჩევნებს რეფერენდუმს

26 ოქტომბრის არჩევნები, როგორც რეფერენდუმი - სწორედ ასევ ხედავს სახელისუფლებო პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამავე დროს "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია, აცხადებს, რომ მოსახლეობა კონკრეტული არჩევანის წინაშეა, სურს მშვიდობა ომის ნაცვლად, თუ ლიბერალური ფაშიზმი ტრადიციული ფასეულობების სანაცვლოდ.

ირაკლი კობახიძის თქმით, "ქართული ოცნების" 60%-იანი მხარდაჭერა მმართველ ძალას მოდუნების შესაძლებლობას არ აძლევს და 26 ოქტომბრის შედეგებით მაქსიმალური ლეგიტიმაციაა საჭირო იმ გამოწვევების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელიც, მისივე თქმით, ქვეყნის წინაშე დგას.

ლიბერალური ფაშიზმის მეთოდებით მოქმედებაში პრემიერ-მინისტრი ოპოზიციას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ოპონენტების მიზანი წინასაარჩევნო პერიოდში და უშუალოდ არჩევნების დღეს პროვოკაციების მოწყობის მცდელობაა. ბრალდებებს ადრესატები უარყოფენ.

"ქართული ოცნება" ოპოზიციას წინასწარ ურჩევს არჩევნებში მარცხს შეეგუონ. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მშვიდობას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ალტერნატივა არ აქვს, რაც, მათი შეფასებით, სახელისუფლებო გუნდის პრიორიტეტია.

მშვიდი წინასაარჩევნო პერიოდი მნიშვნელოვანია მმართველი პარტიისთვის. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ოპონენტების სხვა გეგმის მიუხედავად, ხელისუფლება მაქსიმალურად უზრუნველყოფს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს.

საპარლამენტო არჩევნებზე და წინასაარჩევნო გარემოზე იყო საუბარი პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის დროს. ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი და ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მიიღო. ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ამ შეხვედრის დროსაც აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა და ამ მიზნით არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მოწვევა.

დღის ამბები