29 სექტემბერი 2024,   06:21
ვრცლად
კრიტიკა კონგრესში და კანონი, რომლის მიღებისთვისაც თბილისს პასუხს სთხოვენ - ამერიკელი კანონმდებლების მორიგი გაფრთხილება

ქართველი ხალხის მხარდაჭერა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შეფერხების საფრთხე - ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტში, საქართველოსა და მოლდოვაში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა. კონგრესმენების გზავნილების ადრესატები საქართველოს მოქალაქეები, არასამთავრობო სექტორი და ხელისუფლების წარმომადგენლები არიან.

საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე, ამერიკელმა კონგრესმენებმა და მაღალჩინოსნებმა, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის უკან გაწვევასა და საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების აუცილებლობაზეც ისაუბრეს. იყო კითხვა-პასუხის ფორმატიც. კონგრესმენები დაინტერესდნენ, რა საერთო აქვს საქართველოში მიღებულ კანონს ამერიკულ და რუსულ კანონმდებლობასთან. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის პასუხები, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებით, უარგუმენტო და ზედაპირული იყო. მმართველი გუნდის თქმით, დებატებში მონაწილეების განცხადება, თითქოს გამჭვირვალობის ქართული კანონი ფიზიკურ პირებს ეხება, სიმართლეს არ შეესაბამება. მათივე მტკიცებით, დეზინფორმაცია იყო პარალელი ამერიკული და ქართული კანონმდებლობის ზღვართან დაკავშირებითაც. დებატის იმ საკითხზე კი, რომელიც ანაკლიის პორტში ჩინური კომპანიის შემოსვლას ეხებოდა, არ დააკონკრეტეს, რომ ამერიკულმა კომპანიებმა ტენდერში მონაწილეობა არ მიიღეს.

ოფიციალური ვაშინგტონის კრიტიკას იზიარებენ მმართველი გუნდის ოპონენტები. ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა პარტნიორების მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება.

ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები უსამართლოა პრემიერ-მინისტრისთვის. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარტნიორებს ურთიერთობების გადატვირთვის დღის წესრიგს სთავაზობენ და ამ ფონზე მათი შეფასებები კონტპროდუქტიულია. პრემიერის თქმით, გადატვირთვა თანაბრად შედის, როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის ინტერესში.

სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მაღალჩინოსნებს, საქართველოს საკითხზე კონგრესში მოუსმინეს.

 

დღის ამბები