29 სექტემბერი 2024,   05:38
ვრცლად
ათასობით გადამწვარი ჰექტარი, განადგურებული საცხოვრებელი სახლები და მოსახლეობის ევაკუაცია - ვინ დგას აშშ-ში ტყის მასშტაბური ხანძრის უკან

კალიფორნია ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვის, სტიქიამ 96 719 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. ძლიერი სიცხის გამო 1600 მეხანძრეს მუშაობა ექსტრემალურ პირობებში უწევს. განადგურებულია ასოცდაცამეტი შენობა-ნაგებობა. სტიქიის ზონაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ტერიტორია უკვე დატოვა 3 500-მა მცხოვრებმა.

განგაშის წითელი ნიშნული კალიფორნიის შტატის სხვადასხვა ზონაში ცხადდება, ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია სავალდებულო წესით მიმდინარეობს. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მიერ გავრცელებული ცნობით, ცეცხლი საათში საშუალოდ ორიათას ჰექტარს ანადგურებს. აშშ-ის ფედერალური რეზერვიდან დამატებითი რესურსების მობილიზება გახდა საჭირო. მეხანძრეები ცდილობენ ცეცხლი კალიფორნიამდე არ მიუშვან.

კალიფორნიის შტატში პოლიციამ 42 წლის მამაკაცი დააკავა, რომელსაც ხანძრის გაჩენაში ედება ბრალი. სამართალდამცველი უწყების ცნობით, მან ცეცხლწაკიდებული ავტომობილი ხრამში განზრახ გადააგდო. შემთხვევა ქალაქ ჩიკოსთან მდებარე პარკში მოხდა. დაკავებული წინასწარ პატიმრობაში, გირაოს უფლების გარეშე რჩება. პროკურატურა დაკავებულს ბრალს სტიქიის ლოკალიზების შემდეგ წარუდგენს.

ტყის ხანძარია მეზობელ ორეგონის შტატშიც. სადაც 116 549 ჰექტარ ტყის მასივზე ხანძრის 54 კერა გაჩნდა. შტატის ზოგიერთ ნაწილში, მოსახლეობის საგანგებო ევაკუაცია მიმდინარეობს, გადაკეტილია შტატებს შორის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი. სტიქიურმა უბედურებამ რეგიონში ტემპერატურის ცვლილებაც კი გამოიწვია.

კონტინენტზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, ხანძარს კანადაც ებრძვის. ალბერტას შტატში ცეცხლის 176 კერაა, მეხანძრეებმა სტიქიაზე კონტროლი დაკარგეს. ყველაზე მეტად ტურისტული ქალაქი ჯასპერი დაზიანდა, მთლიანად განადგურდა ქალაქის ინფრასტრუქტურის 33%, საცხოვრებელი სახლის დატოვება კი 25 ათას ადამიანს მოუწია. შტატის პრემიერ მინისტრმა მედიასთან არსებული ვითარების შესახებ საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა.

სპეციალისტების შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილსა და კანადაში გავრცელებულ ტყის ხანძრებს ძირითადად, მეხის ჩამოვარდნა იწვევს. ცხელი ამინდისა და ქარის გამო, სტიქია მასშტაბებს სწრაფად იკრებს. მიუხედავად, იმისა, რომ ტყის ხანძრები ჩრდილოეთ ამერიკისთვის დამახასიათებელი მოვლენაა, მეცნიერები ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილებასთან და ტემპერატურის მატებასთან ერთად, ცეცხლის გავრცელება უფრო და უფრო სწრაფად ხდება.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები