29 სექტემბერი 2024,   05:32
ვრცლად
ქართული თხევადი ოქრო - მეფუტკრეობის 7-ათასწლიანი ისტორია და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ჯიშის ქართული ფუტკარი

ისტორიულ და არქეოლოგიურ წყაროებზე დაყრდნობით, მეფუტკრეობას საქართველოში დაახლოებით 7-ათასწლიანი ისტორია აქვს. კავკასიური ჯიშის რუხი ფუტკარი, რომელიც ქართული ფუტკრის სახელითაც არის ცნობილი, ველურ ბუნებაშიც უხვადაა. სწორედ ეს სახეობა მიიჩნევა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ, როგორც გამძლეობით, ისე - დიდი წარმადობითაც.

ამბაკო გიორგაძეს მეფუტკრეობა წინაპრებიდან მოსდევს. სოფელ ფერეთაში, მას 200-ზე მეტი სკა, იგივე ფუტკრის ოჯახი ჰყავს. საქმიანობა ძალიან შრომატევადია. სწორედ ამიტომ, მუშაობაში მთელი ოჯახი ერთვება. ხშირად, მეფუტკრეებს სხვა საქმისთვის დროც არ რჩებათ.

გიორგაძეებთან ერთად შრომობს მამა ტიმოთეც, რომელიც ამ საქმეში უკვე კარგად ერკვევა. წლების წინ, მეფუტკრეობაში სწორედ ამბაკოს მაგალითით ჩაერთო და, დღეს, ეს მისი ერთ-ერთი გატაცებაა.

დღემდეა შემორჩენილია ველური თაფლის მოპოვების ტრადიციაც. კლდეებზე, ტყეებში გარეული ფუტკრები სკების გარეშე აწარმოებენ თაფლს. მის მოპოვებას თავისი წესები და სეზონი აქვს.

სკებიდან თაფლის ამოღება გარკვეული რიტუალივითაა. საჭიროა სიმშვიდე, სიწყნარე და არ უნდა იჩქაროთ არაფერზე. ფუტკარი ნებისმიერ უცაბედ მოძრაობაზე ღიზიანდება და, ამ შემთხვევაში, მუშაობის გაგრძელება შეუძლებელი ხდება.

რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ, პროდუქცია გადასაწურად მიაქვთ. თითო სკიდან, დაახლოებით, 15-20 კილოგრამი თაფლი ამოდის. მუშაობენ ხელითაც და წურავენ სპეციალურ დანადგარშიც. შრომაში ჩართულია ყველა - დიდი და პატარა.

გვიან შემოდგომაზე, მეფუტკრეები სკებს გამოსაზამთრებლად უფრო თბილ ადგილას გადაიტანენ, რაც, ასევე, შრომატევადი პროცესია. აი, ასეთი შრომის ფასად მოიპოვება ეკოლოგიურად უსუფთავესი პროდუქტი, რომელსაც ფასი ყოველთვის აქვს.

 

ავტორი: გიორგი ქორქია

დღის ამბები