29 სექტემბერი 2024,   06:18
ვრცლად
მთავრობის მეთაურის ნდობის განზომილების ინდექსით, საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა - საერთაშორისო რეიტინგები პოლიტიკური შეფასებების თემა გახდა

მთავრობის მეთაურის ნდობის განზომილების ინდექსით, საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა. საუბარია გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია "დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე, რომელშიც ქვეყანა მსოფლიოში 34-ე ადგილზე გავიდა და 2012 წლის შემდეგ დაფიქსირებული პროგრესით, საუკეთესო ათეულში მოხვდა. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ახალი რეიტინგი, მთავრობის სწორი და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია.

მონაცემების მიხედვით, საქართველომ ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და შეფასების 100%-ანი სისტემით 66,7% მიიღო. ქვეყანას 2012 წელს ნდობის განზომილების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში 74-ე პოზიცია ეკავა, შემდგომ 11 წლიან პერიოდში კი მსოფლიო რეიტინგში 40 ადგილით დაწინაურდა და 34-ე პოზიციაზე გადმოინაცვლა. საქართველო რეიტინგში უსწრებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, საფრანგეთს, კვიპროსს, სამხრეთ კორეას, სინგაპურს, ხოლო უთანაბრდება ისეთ მოწინავე ქვეყნებს, როგორიცაა ბელგია, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ლუქსემბურგი, საბერძნეთი, ლიეტუვა, ახალი ზელანდია, სლოვენია, უნგრეთი და მალტა.

გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის რეიტინგებში, საქართველოს დაწინაურება ოპოზიციისთვის არადამაჯერებელია. ხელისუფლების ოპონენტები უნდობლობას უცხადებენ ისეთ ავტორიტეტულ და მსხვილ ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 33 რეგიონული მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4000-მდე ანალიტიკოსი ჰყავს.

მთავრობის მეთაურის ნდობის ინდექსში, საქართველოს დაწინაურების მიმართ, ოპოზიციის დამოკიდებულება საპარლამენტო უმრავლესობაში არ უკვირთ. სახელისუფლებო გუნდის წევრებმა, დღეს, ოპონენტებს, "ვი დემის" მიერ გამოქვეყნებული სხვა კვლევებიც შეახსენეს და თქვეს, რომ სწორედ ავტორიტეტული ორგანიზაციის დოკუმენტებს ეყრდნობა, არაერთი საერთაშორისო ინსტიტუტი, მათ შორის, მსოფლიო ბანკი და ატლანტიკური საბჭო.

"ვი დემი" შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში არსებული პროექტია. მას მსოფლიოს მასშტაბით, 4000-მდე ექსპერტი ჰყავს. სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზეა და მას უძღვება 5 მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონული მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი.

დღის ამბები