29 სექტემბერი 2024,   06:17
ვრცლად
"ლელოს" ლიდერების დუმილი საერთაშორისო სასამართლოში წაგებული პროცესის შემდეგ - საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი პირველად გამოეხმაურა

ხაზარაძე საქართველოს წინააღმდეგ - საქმეზე, პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას მთავრობის მეთაური დღეს პირველად გამოეხმაურა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ფრანგულმა სასამართლომ "ლელოს" დამფუძნებლების სამართლებრივ და პოლიტიკურ მანიპულაციებს წერტილი დაუსვა. საუბარია არბიტრაჟის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ხაზარაძის და კონსორციუმის მოთხოვნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდ ნახევარი დოლარი მიეღოთ არ დააკმაყოფილა. მეტიც, ბიზნესმენს მოპასუხე მხარის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარი დააკისრა.

წაგებული საარბიტრაჟო დავის შემდეგ, უკვე ორი დღეა ხაზარაძე-ჯაფარიძის დუეტი დუმს. ფრანგული სასამართლოს გადაწყვეტილებამ მათ ფაქტობრივად წინასაარჩევნო კამპანიის დროებით შეწყვეტა აიძულა. ამ დრომდე, ლიდერების პოზიციის დაცვას მხოლოდ ლელოს წევრები ცდილობენ. ამბობენ, რომ არბიტრაჟმა საქმის პოლიტიკური მდგენელი არ გაითვალისწინა, კონსორციუმის დამარცხებით კი მხოლოდ ქართული საზოგადოება დაზარალდა.

ანაკლიის პორტის მშენებლობის საქმეს ქართული მართლმსაჯულების მორიგ მიღწევას უწოდებენ იუსტიციის სამინისტროში. არბიტრაჟზე ქვეყნის სახელით მოპასუხე უწყებაში განმარტავენ, რომ სასამართლოს დასკვნამ ქვეყანა, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისისგან იხსნა.

პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კრიტიკული კომენტარები კეთდება საკანონმდებლო ორგანოშიც. უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ხაზარაძის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდ ნახევარი დოლარის მიღების სურვილი, ანტისახელმწიფოებრივი ქმედების მაგალითია. "ლელოს" ლიდერისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ ექს-პრემიერ გახარიას გუნდშიც.

პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ორ დღეზე მეტი გავიდა, თუმცა ყოფილი ბანკირები კამერებთან არ გამოჩენილან. ანაკლიის განვითარების კონსორციუმს საინვესტიციო ხელშეკრულება სახელმწიფომ 2020 წელს, ვალდებულებების შეუსრულებლობის მოტივით შეუწყვიტა. თითქმის 4 წლიანი სასამართლო დავა ფრანგულმა არბიტრაჟმა ყველა პუნქტში ხელისუფლების გამართლებით დაასრულა.

დღის ამბები