16 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს არა ომით, არამედ წინსვლით, მშვიდობითა და ეკონომიკური განვითარებით - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე, მედიასთან, 2008 წლის აგვისტოს ომის მეთექვსმეტე წლისთავს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, "ქართული ოცნების“ მიერ პრაგმატული პოლიტიკის განხორციელების შედეგად, ქვეყნის გამთლიანება და ტერიტორიების დაბრუნება შესაძლებელია.

"16 წელი გავიდა იმ უბედურებიდან, რომელიც ჩვენს ქვეყანას თავს დაატყდა. ამ ომის შედეგად, ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები, მშვიდობიანი მოქალაქეები, გმირი ჯარისკაცები. მძიმეა ეს ყველაფერი, ჭრილობები, რომელიც ჯერაც არ მოუშუშებია ჩვენს ქვეყანას, თუმცა მჯერა, რომ იმ პრაგმატული პოლიტიკით, რომელიც "ქართულ ოცნებას" აქვს, შესაძლებელია ტერიტორიების დაბრუნება, ქვეყნის გამთლიანება. ეს არის თითოეული ქართველის ოცნება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს არა ომით, არამედ წინსვლით, მშვიდობითა და ეკონომიკური განვითარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ აღნიშნულ ომთან დაკავშირებული საქმეები გამოიძიოს.

"ვრცელი წერილი გამოვაქვეყნეთ ამასთან დაკავშირებით, ვსაუბრობთ იმ მხარდაჭერაზე, რომელიც "ქართულ ოცნებას“ აქვს საზოგადოების მხრიდან. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს არჩევნებზე, ამას აქვს თავისი ახსნა, რატომ. დღეს გვაქვს იმის რესურსი, რომ საპარლამენტო არჩევნებზე კონსტიტუციური უმრავლესობა მივიღოთ. ეს კიდევ უფრო უნდა გამყარდეს. ეს გვჭირდება იმისთვის, რომ ქვეყანაში დამკვიდრდეს სიმშვიდე, მოხდეს იმ კონკრეტული საქმის გამოძიება, რომელიც ომთანაა დაკავშირებული, დაისაჯონ დამნაშავეები. გარდა ამისა, მთავარია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. დღევანდელ მსოფლიოში, იმ ვითარებაში, რაც რეგიონში ხდება, ყველაფერი შესაძლებელია, იმდენად სწრაფად იცვლება მოვლენები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები