05 ოქტომბერი 2024,   11:29
ვრცლად
"ეს ხელოვნური დაბრკოლება პოლიტიკური მიზნების გამო, ოპოზიციისგან და პრეზიდენტისგან შეიქმნა" - დენდროლოგიური პარკის დირექტორი ბაობაბების გახმობასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

დენდროლოგიური პარკის დირექტორი ბაობაბების გახმობასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. პაატა სულაბერიძე კენიიდან საქართველოში წამოღებული რვავე ბაობაბის გახმობის მიზეზად იმ ხელოვნური ბარიერებს ასახელებს, რაც ტრანსპორტირების დროს შეიქმნა.

დენდროლოგიურმა პარკმა გუშინ განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ პარკის შექმნის დღიდან დაიწყო საწინააღმდეგო კამპანია "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. ამავე ტექსტის თანახმად, სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში დავა მიმდინარეობდა კენიაშიც, რაც თითქმის ორ წელს გაგრძელდა. აღნიშნულ პერიოდში ხეები შეუსაბამო პირობებში იყო. საბოლოოდ ცრუ ბრალდება კენიის სასამართლომ და ხელისუფლებამ უარყო, თუმცა ტრანსპორტირებაზე შექმნილი ბარიერების გამო, რვავე ბაობაბი საქართველოში ჩამოტანიდან ექვს თვეში გახმა.

"2021 წელს, კენიაში ჩვენს მიერ მოძიებული იქნა 8 ბაობაბის ხე, რომელიც კერძო მესაკუთრეებს ეკუთვნოდათ. სრული პროცედურის დაცვით გავამზადეთ ყველანაირი საბუთი, რაც საჭირო იყო ბაობაბების საქართველოში ტრანსპორტირებისათვის და დაიწყო მათი გრუნტიდან ამოღება. ამის შემდეგ დაიწყო საქართველოს პოლიტიკური ჯგუფებისგან და ენჯეო სექტორის მხრიდან განხორციელდა კენიის სხვადასხვა უწყებაში სატელეფონო ზარები, გაიგზავნა წერილები. შემდეგ სახელმწიფომ საბუთების თავიდან დამზადება მოითხოვა, ასევე საბუთები შეიტანეს სასამართლოში და მოხდა ისე, რომ ეს სასამართლო პროცესი დაახლოებით 2 წელი გაიწელა. გავიმარჯვეთ ამ სასამართლოში, მივიღეთ ნებართვა და გადაწყდა საქართველოში ბაობაბების ტრანსპორტირება, რომელიც 2 თვის შემდეგ ჩამოვიდა და ნოემბრის დასაწყისში სრული წესების დაცვით მოხდა მათი გრუნტში გადატანა. 

ამ 2 წლის განმავლობაში, პრაქტიკულად გრუნტიდან ამოღებული ხეები იყო ჰაერზე დადებული, კი უტარდებოდა მათ შესაბამისი პროცედურები - მორწყვა, დასველება, გადახურვა, მაგრამ მაინც იქონია გავლენა ხეებზე და ისინი გახმა. ჩვენი სურვილი იყო, რომ ეს საზოგადოებას ენახა, მაგრამ იმათ რა ამოძრავებდათ ვერ ვხვდები. რატომ უნდა წახვიდე იმის წინააღმდეგ, რაც შენი ქვეყნისთვის პირიქით კარგია. ეს ხელოვნური დაბრკოლება პოლიტიკური მიზნების გამო იყო შექმნილი, ოპოზიციისაგან და პრეზიდენტის მხრიდან, რომ როგორმე ბიძინა ივანიშვილს არ განეხორციელებინა ის უნიკალური პროექტი, რაც იგეგმებოდა. რეალურად კი ამით ზიანი მიიღო საზოგადოებამ,"- აცხადებს დენდროლოგიური პარკის დირექტორი პაატა სულაბერიძე.

დღის ამბები