05 ოქტომბერი 2024,   11:27
ვრცლად
საბერძნეთის შემდეგ ესპანეთი - ძლიერი ხანძრის გამო, განადგურებულია ასობით ჰექტარი

ესპანეთში, პორტუგალიის საზღვართან, ხანძარი მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი სიცხეების გამო გაჩნდა. მეხანძრე მაშველები ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ზამორასა და ტრაბაზოს ტერიტორიებზე ცეცხლის ლიკვიდაციას ცდილობენ. განადგურებულია ტყის დიდი ნაწილი, ხანძარი 200 ჰექტარ მიწას მოედო, ევაკუირებულია ათასამდე ადამიანი. დასახლებული პუნქტიდან კარგად ჩანს სტიქიის მასშტაბი და შედეგები.

სტიქიის ზონაში მეხანძრე მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ხანძრის ლოკალიზებას, სულ მცირე, ხუთი ვერტმფრენი და თვითმფრინავი ცდილობდა. ესპანეთის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის თქმით, ხანძრის ლიკვიდაციის პროცესი ფინალურ ეტაპზეა.

ესპანეთის გარდა, სტიქიას ებრძვიან პორტუგალიაშიც. კუნძულ მადეირაზე ნარინჯისფერი განგაშის რეჟიმია ამოქმედებული. კუნძულის სამხრეთ სანაპიროზე, თითქმის ოთხი დღეა, ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ, მაგრამ - უშედეგოდ. მაღალი ტემპერატურა, ძლიერი ქარი და დაბალი ტენიანობა სამუშაოებს ართულებს. ევაკუირებულია 160 ადამიანი. სალიკვიდაციო პროცესში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე - მძიმე ტექნიკაც. დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

დღის ამბები