16 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
"თვითონ მოიგონეს სუს-ის გამოძიება და ტერორისტული აქტები" - როგორ აფასებს ოპოზიცია "ოცნების" ღონისძიებაზე მიღებულ უსაფრთხოების მკაცრ ნორმებს

მცხეთაში, "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩევლებთან შეხვედრის ღონისძიებაზე მიღებულ უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს მმართველი გუნდი მიზანმიმართულ სპეკულაციად აფასებს. "ქართული ოცნება" განმარტავს, რომ უსაფრთხოების გაძლიერებული ნორმების მიღება აუცილებელია არსებული გამოწვევების ფონზე. უმრავლესობა მსოფლიო მაგალითებს ასახელებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებას იხსენებს.

ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ სუსი-ის გამოძიება ფარსია და მხოლოდ წინასაარჩევნო მიზნებს უკავშირდება.

"მგონია, რომ ეს სუს-ის გამოძიება, რომელიც არაერთი გვინახავს ამ ქვეყანაში (ხან საბურავების შეგროვებას გვაბრალებდნენ და ხან - ათას სისულელეს, არცერთი ასეთი გამოძიება ბოლომდე დასრულებული არ არის), მხოლოდ იმის გამო კეთდება, რომ თითქოსდა, ბიძინა ივანიშვილს რაიმე საფრთხე ემუქრება. მგონია, რომ ეს სწორედ ამიტომ გააკეთეს, რომ შემდგომი შეხვედრებისთვის საარჩევნო კამპანიაში შუშის ბრონირებული აკვარიუმებით ევლო. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ძალადობრივ მეთოდებს მივმართოთ," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე.

იმავე აზრზეა "გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი და სუს-ის გამოძიებას ერთგვარ პოლიტიკურ თამაშად აფასებს.

"მე მგონია, რომ, საბოლოო ჯამში, ეს რაღაც თამაშია, იმ გაგებით, რომ თვითონ მოიგონეს სუს-ის გამოძიება და ტერორისტული აქტები. თუ ამბობ, რომ ბიძინა ივანიშვილს რამე ემუქრება, როგორ შეიძლება არ დაიცვა შენი ლიდერი. თუმცა, ცხადია, ძალიან არასერიოზულად გამოიყურება, აკვარიუმის მსგავს რაღაცაში რომ დგას ადამიანი," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღის ამბები