13 სექტემბერი 2024,   02:28
ვრცლად
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალმა "ღამის სერენადები" ბორჯომიდან ბათუმში გადაინაცვლა - პროგრამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ორგანიზატორებმა მიაწოდეს

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალმა "ღამის სერენადები" ბორჯომიდან ბათუმში გადაინაცვლა, ფესტივალის პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას მისმა ორგანიზატორებმა და მონაწილეთა ნაწილმა მიაწოდეს.

"ღამის სერენადების" სამხატვრო ხელმძღვანელის გიორგი ისაკაძის თქმით, წლევანდელი ფესტივალი, მისი დამფუძნებლის, გენიალური ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო გარკვეულ სევდასაც იწვევს.

"წელს სიხარული დიდი სევდითაა გაზავებული - გამოვემშვიდობეთ დიდ მუსიკოსსა და პიროვნებას ქალბატონ ლიანა ისაკაძეს, ფესტივალს მივანიჭეთ მისი სახელი", - აღნიშნნა გიორგი ისაკაძემ.

მან საზოგადოებას ფესტივალის პროგრამის დეტალები გააცნო:

წლევანდელი ფესტივალი ჟანრობრივად მრავალფეროვანია: "ღამის სერენადები" 21 აგვისტოს გაიხსნა ბორჯომში, ახლა კი ბათუმში გადმოინაცვლა.

23 აგვისტოს მსმენელის წინაშე წარსდგება თანამედროვეობისა და Tango Nuevos-ს ერთ-ერთი უდიდესი ბრწყინვალე ვირტუოზი მარიო სტეფანო პიეტროდარკი (ბანდონეონი, იტალია) და ფესტივალის საბაზო ორკესტრი "საქართველოს ვირტუოზები" (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე). ისინი დამსწრე საზოგადოებისთვის შეასრულებენ მსოფლიო კინომუსიკის შედევრებს, აგრეთვე Tango Nuevos-ს ფუძემდებლის ასტორ პიაცოლას, ენიო მორიკონეს, ნინო როტასა და სხვა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებს.

25 აგვისტოს კი მსმენელისთვის დაუკრავს ახალგაზრდა ვარსკვლავი და ვირტუოზი მევიოლინე ელვინ ხოჯა განიევი (აზერბაიჯანი/თურქეთი) და ფესტივალის საბაზო ორკესტრი "საქართველოს ვირტუოზები" (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე). ვირტუოზი მევიოლინე, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი ელვინ ხოჯა განიევი თემატურ საღამოს გამართავს და შეასრულებს ანტონიო ვივალდისა და ასტორ პიაცოლას "წელიწადის დროებს".

თბილისში "ღამის სერენადები" 4 კონცერტს გამართავს - 15, 17, 18 და 20 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში.

15 სექტემბერს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში უკვე მეორედ, პუბლიკა მოუსმენს იტალიელ დირიჟორს, Orchestra Scarlatti Young-ის და „Milano Classica“-ს მთავარი დირიჟორს, ტოსკანას ორკესტრის მთავარ მოწვეულ დირიჟორს, ფონდ Taormina Arte-ს სამხატვრო ხელმძღვანელს, იტალიის კულტურის მინისტრის მრჩეველს მუსიკის დარგში - ბეატრიჩე ვენეცის. იგი ფესტივალის პარტნიორ ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარადგენს იტალიური სიმფონიური მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაწარმოებს - ოტორინო რესპიგის თხზულებას 4 ნაწილად "რომის პინიებს". ასევე ყველასთვის ცნობილ და წარმატებულ საერთაშორისო კარიერის მქონე პიანისტ და კომპოზიტორ სანდრო ნებიერიძესთან ერთად შეასრულებს სერგეი რახმანინოვის ერთ-ერთ უდიდეს ნაწარმოებს მესამე საფორტეპიანო კონცერტს.

17 სექტემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ბრაზილიური მუსიკის საღამო გაიმართება. ფესტივალის საბაზო ორკესტრი საქართველოს ვირტუოზები და ახალგაზრდა წარმატებული ქართველი მუსიკოსები: ლიზი რამიშვილი, მარიამ როინიშვილი და გიორგი ოიკაშვილი სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ბრაზილიელი კომპოზიტორის ნაწარმოებებს შეასრულებენ. სპეციალურად ამ საღამოსთვის, ფესტივალის დაკვეთით შეიქმნა მთელი რიგი ნაწარმოებების საავტორო არანჟირებები სიმებიანი ორკესტრისთვის, რომელიც გაამდიდრებს სიმებიანი ორკესტრისთვის არსებულ რეპერტუარს.

18 სექტემბერს კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩეხური ეროვნული მუსიკის საღამო შედგება. მასში ქართველ მუსიკოსებთან ერთად, ჩეხი მუსიკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას. "ჩეხური მუსიკის წლის" აღნიშვნას "ღამის სერენადებიც" შეუერთდება. სახელგანთქმული პიანისტი და კომპოზიტორი გიორგი შავერზაშვილი შესანიშნავ ქართველ მევიოლინე გიორგი ხაინდრავასთან ერთად ბედრჟის სმეტანას, ანტონინ დვორჟაკისა და ლეო იანაჩეკის მუსიკას შეასრულებენ. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე მოწვეული სტუმრებიც.

20 სექტემბერს, ფესტივალის დასკვნით საღამოს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ბაროკოს მუსიკის ორი წამყვანი შემსრულებელი მევიოლინე ანდრეს გაბეტა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბლოკ-ფლეიტისტი მორის შტიგერი წარმოადგენენ სპეციალურად ფესტივალისთვის შედგენილ თემატურ პროგრამას „ვივალდი და მეგობრები“.

"დიდი მადლობა საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერისა, ქალაქ ბათუმის მერიას, ქალაქ ბორჯომის მერიას, იტალიის საელჩოს საქართველოში, ბრაზილიის საელჩოს საქართველოში, ჩეხეთის საელჩოს საქართველოში. მასპინძელ სასტუმროს ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი. ფესტივალის პარტნიორებს: ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრსა და სასტუმრო ბორჯომი ლიკანს" - აღნიშნა ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა.

ბათუმის მერის მოადგილის სოფო ხალვაშის თქმით "ღამის სერენადები" ყოველთვის დღესასწაულია და ბათუმისთვის ამ ფესტივალის მასპინძლობა პატივია.

"წელს მისი სულის ჩამდგმელი ქალბატონი ლიანა ისაკაძე დავკარგეთ. ეს უდიდესი დანაკლისია მთელი ქართული კულტურისთვის. ჩვენი ქალაქის კულტურული ცხოვრებისთვის ეს ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანია. თავისი საოცარი სოლისტებითა და მრავალფეროვანი პროგრამით", - აღნიშნა ხალვაშმა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, აკაკი ძნელაძის თქმით, 16 წელია თანამედროვე ქართულ კულტურულ გეოგრაფიაში ეს ფესტივალი ერთ-ერთი საუკეთესოა.

"წელსაც დიდი მუსიკალური ფოერვერკი გველის 23 და 25 აგვისტოს ბათუმის დრამატულ თეატრში. "ღამის სერენადებს" უდიდესი ისტორია აქვს. ის მსოფლიოში სახელგანთქმულმა მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ 1982 წელს დააარსა საქართველოს უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში. მოხარულები ვართ, რომ მხარს ვუჭერთ მუსიკის ნამდვილ დღესასწაულს", - აღნიშნა აკაკი ძნელაძემ.

დღის ამბები