14 ოქტომბერი 2024,   03:34
ვრცლად
ჩვენი ამოცანა ამ არჩევნებში არის გამარჯვება, მთავრობის ფორმირება და ჩვენი ქვეყნის დაბრუნება ევროინტეგრაციის გზაზე - თინა ბოკუჩავა

რა ფორმაში ხვდება "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებს და ინარჩუნებს თუ არა, მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსს - ამ კითხვის საპასუხოდ, "ნაციონალურ მოძრაობის" თავმჯდომარე "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ნებისმიერი კვლევით, "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ ინარჩუნებს მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსს.

ბოკუჩავას განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობა" გამარჯვებასა და პროდასავლურ პარტიებთან კოალიციურად მთავრობის ჩამოყალიბებას გეგმავს.

"ყველა, მათ შორის "ოცნების" კვლევა, რომელსაც ბუნებრივია არ ვენდობი, იქაც კი ვერ ხერხდება იმის ნიველირება, რომ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" არის მთავარი ოპოზიციური მოთამაშე, თუმცა ჩვენი ამოცანა ამ არჩევნებში ნამდვილად არ არის ამ სტატუსის შენარჩუნება, ჩვენი ამოცანა ამ არჩევნებში არის გამარჯვება, ჩვენს პროდასავლურ კოალიციურ პარტნიორებთან ერთად მთავრობის ფორმირება და ჩვენი ქვეყნის დაბრუნება ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ნამდვილად ვუყურებთ ამას, როგორც ერთგვარ რეფერენდუმს საქართველოს ევროპულ მომავალზე.

ქართველმა ხალხმა ძალიან გარკვევით თქვა - კი ევროპას და გააგონა საკუთარი ხმა მთელს მსოფლიოს, მაგრამ ვერ გააგონა ივანიშვილს, რომელმაც მაინც მიიღო რუსული კანონი, რომელმაც დაგვაკარგვინა მილიონობით დოლარისა თუ ევროს დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან და რომელიც ჯერჯერობით, საქართველოს მოქალაქეს აყენებს მარტივი არჩევანის წინაშე, ან ავირჩევთ 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე კეთილდღეობას ევროპაში, ან სიღატაკეს იზოლაციაში.

ჩვენი ამოცანაა, რომ რევერსირება მოვახდინოთ ამ პროცესების, ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველო დავაბრუნოთ ევროპული კეთილდღეობის გზაზე, ჩვენი ამოცანაა, უარი ვუთხრათ სიღატაკეს იზოლაციაში, დავაბრუნოთ ემიგრანტები, გავაერთიანოთ ოჯახები, გავაერთიანოთ საზოგადოება", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ "ღამის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები