13 სექტემბერი 2024,   04:38
ვრცლად
კამალა ჰარისი დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გახდა - პარტიულ ყრილობაზე ამომრჩეველს მიმართა და ამერიკის უსაფრთხოების გაძლიერებაზე ისაუბრა

ყოფილი იურისტი, პროკურორი და სენატორი, 59 წლის კამალა-დევი ჰარისი - ინდოეთიდან და იამაიკიდან ემიგრირებული ოჯახიდან, ისტორია დაწერილია. ამერიკის საპრეზიდენტო სისტემის ისტორიაში, რომელიც 2 საუკუნეზე მეტს ითვლის, ის პირველი ფერადკანიანი ქალია, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პარტიიდან, შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა.

ჩიკაგოში დემოკრატების 4 დღიანი ყრილობა დასრულებულია. ჰარისმა ამომრჩეველს მიმართა. ისაუბრა როგორც ამერიკის ყველა შიდა მნიშვნელოვან საკითხზე, ასევე შტატების უსაფრთხოების როლზე მსოფლიოში, მათ შორის უკრაინის, ისრაელის და საერთაშორისო ალიანსების მხარდაჭერაზე. ჰარისს საარჩევნო კამპანიისთვის 100 დღეზე ნაკლები რჩება.

ჩიკაგოს ყრილობაზე ნომინაციის მიღების შემდეგ, კამალა ჰარისი პირველი აზიელ-ამერიკელი ქალია შეერთებული შტატების ისტორიაში, რომელიც დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა.

მთავარ საარჩევნო მიმართვაში, 59 წლის ჰარისი მსოფლიოში ამერიკის უსაფრთხოების და ღირებულებების გაძლიერებას შეეხო. კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის და ნატოს მიმართ მისი მტკიცე მხარდაჭერა. ყურადღება დაუთმო ჰამასი-ისრაელის ომს ახლო აღმოსავლეთში. პრეზიდენტობის კანდიდატმა ისრაელს ერთგულება დაუდასტურა, თუმცა ღაზაში უმძიმეს მდგომარეობას და პალესტინელების ღირსების და უსაფრთხოების აუცილებლობაზეც გააკეთა აქცენტი.

დემოკრატთა ყრილობაზე გამომსვლელებს შორის იყო ყოფილი კონგრესმენი, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი, რომელიც ქვედა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის თანაავტორი იყო. არჩევნებზე ის დონალდ ტრამპის გვერდით არ დგას და მხარს კამალა ჰარისს უჭერს.

მომღერალი პინკი, 25 გრემის მფლობელი ლეგენდარული სტივი უანდერი, მსახაიობები ევა ლონგორია, ტონი გოლდვინი და სხვა ცნობილი შემსრულებლები, ჩიკაგოში კამალა ჰარისის მხარდასაჭერად ჩავიდნენ.

ყრილობის დახურვის საღამოს 100.000 ლურჯი, თეთრი და წითელი საჰაერო ბურთი გაუშვეს. ეროვნული ყრილობის დახურვის ამ ტრადიციას, თითქმის საუკუნის ისტორია აქვს.

დღის ამბები