13 სექტემბერი 2024,   13:37
ვრცლად
შუქრუთისა და კოროხნალის ბლოკირებული მაღაროები - აქციის მონაწილეები კომპანიისგან მაღაროების მუშაობის გაჩერებასა და კომპენსაციების გაცემას ითხოვენ

შუქრუთიდან აქციის მონაწილეების ნაწილმა სოფელ ჭორვილაში იმ მოტივით გადაინაცვლა, რომ პოზიცია ბიძინა ივანიშვილის სოფელში გაეჟღერებინათ, თუმცა აქცია არ შედგა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მათგან განმარტებები მოითხოვეს და აქტივისტებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს.

პროტესტის მონაწილეები კომპანია "ჭიათურა მენეჯმენტისგან" საბჭოთა პერიოდში წარმოებული სამუშაოების დროს დაზიანებული ქონების კომპენსაციას მოითხოვენ, რაზეც 2020 წელს მემორანდუმი გაფორმდა, თუმცა კომპანიაში ირწმუნებიან, რომ აქციის ორგანიზატორებს კომპენსაცია უკვე მიღებული აქვთ.

სიტყვიერი განმარტების გარდა, კომპანია ასაჯაროებს ტრანზაქციების ამსახველ დოკუმენტებს და თანხების მოცულობას, რომელიც პროტესტის მონაწილეების მიმართ არის გაცემული.

აქ დასახელებულია იმ პირების სახელები და გვარები, რომლებიც აქციებში მუდმივად მონაწილეობენ და პროტესტს უწევენ ორგანიზებას.
მათი ნაწილი დღეს კითხვებს თავს არიდებდა.

კომპანია "ჭიათურა მენეჯმენტის" წარმომადგენლები, მათ შორის იურისტები განმარტავენ, რომ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია დავის იმ ფორმით გადაწყვეტა, რომელიც პროტესტის ორგანიზატორებმა აირჩიეს. მათი მოთხოვნაა რომ პროცესი სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეს.

მაღაროების პიკეტირების და კრიზისის გამწვავების წინააღმდეგია შუქრუთის მოსახლეობის ნაწილი. მათი თქმით, მაღაროს მუშაობა დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს, რათა კომპანიამ ადგილობრივებზე კომპენსაციების გაცემა განაახლოს.

ბოლო პერიოდში შუქრუთში ვითარება რამდენჯერმე განსაკუთრებით გამწვავდა. იყო შემთხვევები, როდესაც პროტესტის მონაწილეები მაღაროს თანამშრომლებს ხელკეტებით დაუპირისპირდნენ და ძაღლები მიუქსიეს. 5 თვიანი პიკეტის გათვალისწინებით მაღაროებში გამაგრებითი სამუშაოები ვერ ტარდება, რის გამოც რამდენიმე დღის წინ მიწის ჩამოქცევის პროცესები დაიწყო. გვირაბების ჩამოქცევა, დატბორვა და ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება - ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, ადგილზე ყოველდღიური გამაგრებითი სამუშაოებია საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, სპეციალისტების თქმით, ზიანი კიდევ უფრო გაიზრდება. ამ ეტაპზე მაღაროებში გამორთულია განიავების სისტემებიც.

სამუშაო პროცესის პარალიზებას სამართლებრივი შედეგებიც მოყვა. "მაღაროების დაზიანებისკენ მიმართული ორგანიზებული მოქმედება" - ამ მუხლით პროკურატურამ პროტესტის მონაწილეებს ბრალი წარუდგინა. სასჯელი 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები