14 სექტემბერი 2024,   12:51
ვრცლად
სამმაგ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი - რა მტკიცებულებები არსებობს, რომლითაც დასტურდება რომ კაცმა მკვლელობა წინასწარ დაგეგმა

39 წლის მამაკაცი, რომელმაც გუშინ სოფელ ახაშენში ცოლი და ორი მეგობარი მოკლა დაკავებულია, მამაკაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთხელ უკვე ნასამართლებია. ამჯერად მას უვადო პატიმრობა ელის.

ზურაბაშვილების საცხოვრებელ სახლს დანაშაულის კვალი ახლაც ეტყობა. "კურიერის" კამერამ გადაიღო ადგილი, სადაც ახალგაზრდა მამაკაცმა ცოლი და საკუთარი მეგობარი სანადირო თოფით დახოცა. ამ ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში, ბრალდებულმა ზვიად ზურაბაშვილმა კიდევ ერთ მეგობარს, როინ კბილაშვილს მიაკითხა, სამსახურიდან გამოიყვანა და მასაც სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. სამივე მოკლულს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. ცხედრები ადგილზე მეზობლებმა იპოვეს.

სამმაგ მკვლელობაში ბრალდებული ზვიად ზურაბაშვილი, სამართალდამცველებმა მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ის ტყეში იმალებოდა. ამბობენ, რომ ზურაბაშვილმა დანაშაულის ადგილი ჯერ ავტომობილით დატოვა, შემდეგ კი გზა წინასწარ გამზადებული მოტოციკლით განაგრძო.

ახლობლების მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ ახმეტაში, მშობლებთან მყოფ ფიქრია ტუგულაშვილს ქმარმა დაურეკა და ახაშენში, მათ საცხოვრებელ სახლში ჩასვლა სთხოვა. ადგილზე მისვლიდან ზუსტად ერთ საათში კაცმა ახალგაზრდა ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ეს გარემოება, ადგილობრივებს არწმუნებს, რომ ზურაბაშვილს დანაშაული წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და ცოლი სახლში, რეალურად მკვლელობის მიზნით დაიბარა.

ცნობილია, რომ ზვიად ზურაბაშვილი ცოლზე ძალადობისთვის სასჯელს ერთხელ უკვე იხდიდა. ორი წლის წინ მან ფიქრია ტუგულაშვილს დანით კისრის არეში მძიმე ჭრილობები მიაყენა. ციხიდან გამოსვლიდან ერთ თვეში კი ცოლი ამჯერად სასიკვდილოდ გაიმეტა. წარსულში, ოჯახში ძალადობას სოფელშიც ადასტურებენ, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ზვიად ზურაბაშვილს კონფლიქტი არასდროს ჰქონია მეგობრებთან, რომლებიც ცოლთან ერთად სანადირო თოფით მოკლა.

სამმაგ მკვლელობაში ბრალდებული 40 წლამდე მამაკაცი ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორშია. მას ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში რამდენიმე ადამიანის განზრახ მკვლელობისთვის წარუდგინეს. დანაშაული უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები