16 სექტემბერი 2024,   11:18
ვრცლად
"არაფრით არ დასტურდება, რომ ეს არის ოპოზიციონერი აქტივისტი" - თამარ კორძაია წყალტუბოში მომხდარ ფაქტზე

წყალტუბოში მომხდარ ფაქტზე, სადაც მუქარის და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ "ქართული ოცნების" წევრი, ერმილე გიგიაძე გარდაიცვალა, ოპოზიციურ სპექტრში ეხმაურებიან. პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თამარ კორძაია აცხადებს, რომ როლანდ ნუცუბიძე, რომელიც "ქართული ოცნების" ოფისის მიმართულებით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა, არ არის "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი და ეს, მისი თქმით, არაფრით დასტურდება. მისივე განცხადებით, მსგავსი ფაქტის პოლიტიკურ კონტექსტში გადატანა მიუღებელია.

"პირველ რიგში, არაფრით არ დასტურდება, რომ ეს არის ოპოზიციონერი აქტივისტი. ეს ადამიანი არ არის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი - ეს ერთი და მეორე, გაცილებით მეტი სისასტიკეა ახლა ის, რასაც აკეთებს ხელისუფლება, რომ სურს პოლიტიკურ კონტექსტში გადაიტანოს ტრაგედია. ეს ტრაგედიაა იმ ადამიანისთვისაც, რომელმაც უხეშად ისაუბრა იმ დღეს, მისთვისაც ტრაგედიაა და დავხუროთ ეს თემა. ყველასთვის მძიმეა. ერთი წამით დაფიქრდნენ იმ ადამიანზე, რომელსაც ოპოზიციონერ აქტივისტს უწოდებენ, რა მდგომარეობაშია, ვინმემ მოიკითხა?! - იმას, რომ დღეს გული გაუსკდეს ასეთი საშინელი ბრალდებების გამო, ჩვენ "ქართულ ოცნებას" უნდა დავაბრალოთ?!" - აღნიშნა თამარ კორძაიამ.

შეფასებები გაკეთდა "ლელოშიც," სადაც აცხადებენ, რომ უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან დებატებს არ აპირებენ.

"ქართულ ოცნებასთან" დებატებში შესვლას ამ უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით, ნამდვილად არ ვაპირებ. მე ვფიქრობ, რომ არ არის აქ საჭირო პოლიტიკური დებატები. ძალიან მძიმე ფაქტია და დაფიქრება მართებთ, როდესაც ასეთ პოლარიზაციას და სიძულვილს თესავენ ქვეყანაში, ბევრი დაფიქრება მართებს მას, ვისაც აქვს ქვეყნის მართვის სადავეები ხელში," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

რაც შეხება ხელისუფლებას, მმართველ გუნდში ოპოზიციის მხრიდან განსხვავებული აზრის მქონე პირების დაჩაგვრის მცდელობაზე საუბრობენ, რასაც შესაძლოა მძიმე შედეგები მოჰყვეს. "ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთხელ საუბრობენ ფაქტზე, რომელიც წყალტუბოში მოხდა, სადაც მუქარის და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, "ოცნების" წევრი, ერმილე გიგიაძე გარდაიცვალა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ერმილე გიგიაძე "ოცნების" შტაბში იმყოფებოდა, როდესაც გარედან ხმაური მოესმა. გარეთ გასულს კი მას "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი, როლანდ ნუცუბიძე დახვდა, რომელიც პარტიის ოფისის მიმართულებით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა. მათივე თქმით, ნუცუბიძე შეურაცხყოფას აყენებდა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, რის შემდეგაც "ოცნების" წევრი შეუძლოდ გახდა და ნერვიულობის ნიადაგზე ადგილზევე დაიღუპა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

 

დღის ამბები