არჩევნებთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, დღეს ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა იმართება. მასში მონაწილეობა ნებისმიერ ამომრჩეველს შეუძლია.
მოქალაქეები პირადად ეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას, რეგისტრაციისა და ხმის მიცემის პროცედურებს. პროცესი 18:00 საათამდე გაგრძელდება.
"იმიტირებული კენჭისყრა ტარდება 12 საარჩევნო უბანზე, აქედან ორი ქალაქის, დანარჩენი - თემის უბნებზე. ამომრჩევლებს შეეძლებათ, მოვიდნენ, მონაწილეობა მიიღონ, გამოცადონ ელექტრონული ტექნოლოგიები. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები მათ აუხსნიან რეგისტრაციის პროცედურას, შესაბამისად, თავად მიიღებენ მონაწილეობას ხმის მიცემის პროცედურაში,“ - აცხადებს ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი.
არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.