14 მილიარდი ევრო საქართველოსთვის - წინასაარჩევნოდ, "ნაციონალური მოძრაობის" ამ დაპირებას, მმართველ გუნდში მორიგ დეზინფორმაციად აფასებენ.
უმრავლესობის წევრების თქმით, ეს არის ოპოზიციის მხრიდან მოსახლეობის მოტყუების კიდევ ერთი მცდელობა. საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციისაგან მეტ კონკრეტიკას ითხოვს.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიციონერი ლიდერები იტყუებიან და ამით საკუთარ ამომრჩეველს აყენებენ შეურაცხყოფას.
"მუდმივ რეჟიმში ცდილობენ მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში. თუ მათი ტყუილები გრძელდებოდა ორი კვირა, ახლა გრძელდება 10 წუთი, მაქსიმუმ ერთი საათი. რა 14 მილიარდზეა საუბარი, საიდან გამოიგონეს? რამით დაამტკიცონ, რამე საბუთი წარმოადგინონ, ან თუ რომელიმე ქვეყანას ჩაერიცხა, იქნებ ამონაწერი გვაჩვენონ. ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი და რატომ ჰგონიათ, რომ ჩვენი მოსახლეობა ამ ყველაფერს ვერ მიხვდება და რატომ აყენებენ ამხელა შეურაცხყოფას მოსახლეობას, მაგასაც ვერ ვხვდები. თავისივე ამომრჩეველს დაკარგავენ ასეთი გადადგმული ნაბიჯებით", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ისინი ევროკავშირში მოლაპარაკებებს გახსნიან, რაც ქვეყანას 14 მილიარდს მოუტანს.