18 სექტემბერი 2024,   13:27
ვრცლად
"საქართველოს მოქალაქის ვალია, ნებისმიერი ფორმატი გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მხარდაჭერა ჰქონდეს ქართველ ხალხს"- ვაშაძე ბერლინში ეკა ტყეშელაშვილის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობაზე

26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, ბერლინში პანელური დისკუსია გაიმართა. მასში, ეკა ტყეშელაშვილი მონაწილეობდა, რომელიც საქართველოში წინა ხელისუფლების დროს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობებს იკავებდა. ამჟამად კი უკრაინაში USAID-ის ანტიკორუფციული პროგრამის ხელმძღვანელია. პანელურ დისკუსიაში, ტყეშელაშვილთან ერთად, "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილიც მონაწილეობდა. ბერლინში გამართულ დისკუსიას შეფასებები მოყვა თბილისში.

"ეკა ტყეშელაშვილს მე ვუჩივლე სტრასბურგის სასამართლოში, როდესაც მან სააკაშვილის დავალებით მიიღო უსამართლო, უკანონო გადაწყვეტილება და სასამართლოს ტერიტორიაზე 4 აქტივისტი დააკავა მაშინ, როდესაც ჩვენ სააკაშვილის წინააღმდეგ ვიბრძოდით. რომელ კონფერენციაზე ვინ რატომ ესწრებოდა ეს ინფორმაცია კი, მე სამწუხაროდ არ მაქვს,"- აცხადებს პარტიის ”ანა დოლიძე - ხალხისთვის” თავმჯდომარე, კოალიცია ”ძლიერი საქართველო” ანა დოლიძე.

პარტია ”სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, პლატფორმა ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, ნებისმიერი ასეთი ფორმატი უნდა გამოიყენოს წინასაარჩევნოდ:

"ყველა პატრიოტი ქართველის მიზანი არის საქართველო დაჩქარებული წესით გახდეს ევროკავშირის წევრი - მათ შორის ეკა ტყეშელაშვილის. საქართველოს მოქალაქის ვალია, ნებისმიერი ფორმატი გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მხარდაჭერა ჰქონდეს ქართველ ხალხს,"- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ცნობისთვის, ეკა ტყეშელაშვილი პანელურ დისკუსიაზე საუბრობდა თუ რა სცენარებია მოსალოდნელი საქართველოში არჩევნების შემდეგ და რა მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს.

დღის ამბები