19 სექტემბერი 2024,   15:31
ვრცლად
ჩვენი ყველა გადაწყვეტილება არის მოტივირებული ერთადერთი საკითხით - ელექტორალურად გაზომილი შედეგებით, ზრდის თუ არა ეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების კიდევ უფრო დამაჯერებლად დამარცხებისთვის შანსს - სალომე სამადაშვილი

შედგება თუ არა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას ალიანსი - სავარაუდოდ, დღეს გაირკვევა საბოლოო პოზიცია "ლელოს" ლიდერის, რომელმაც, ორბელიანების სასახლეში გამართული მოლაპარაკების შემდეგ, ერთდღიანი ვადა ითხოვა.

გუშინ პრეზიდენტთან შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა ორივე მხარისგან ითქვა, რომ პროცესი გრძელდება და, წარსული წყენების მიუხედავად, მათი მთავარი მოტივაცია ხელისუფლების ცვლილებაა. ირონიულად და არასერიოზულად უყურებენ მსგავს გაერთიანებებს მმართველ გუნდში.

“ჩვენი გადაწყვეტილებების მიღებასა და შეჯერებას სჭირდება ბევრად უფრო მეტი ძალისხმევა, ვიდრე ერთი ცალკეული პარტიის. ამიტომ, ჩვენ გვქონდა მიმოხილვა ოპოზიციების, გაგრძელდება მოლაპარაკებები და ვნახოთ, როგორ ჩამოყალიბდება მხარეების საბოლოო პოზიცია. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება არის მოტივირებული ერთადერთი საკითხით - ელექტორალურად გაზომილი შედეგებით, ზრდის თუ არა ეს შანსს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების კიდევ უფრო დამაჯერებლად დამარცხებისთვის,“ - აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი, კოალიციის "ძლიერი საქართველო" ერთ-ერთი წარმომადგენელი სალომე სამადაშვილმა.

"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ გაძლიერებისთვის ბარიერები ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება.

"ამათ დამარცხებაში, ჩემი აზრით, გაძლიერებისთვის მერე ბარიერები ნაკლებად მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ეს არის პირადად ჩემი პოზიცია. დისკუსია მიდის, ბევრი შეუთანხმებელი საკითხი არ არის,“ - აცხადებს პარტიის ”ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები” თავმჯდომარე, კოალიციის ”ძლიერი საქართველო” ერთ-ერთი წარმომადგენელი ალეკო ელისაშვილი.

"გახარიას" პარტიაში ამბობენ, რომ მათი ამოსავალი წერტილია, რომ "ოცნება" ისე გაუშვან ხელისუფლებიდან, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ დაბრუნდეს.

"ჩვენი ამოსავალი, პოსტულატი არის "ოცნების" ხელისუფლებიდან გაშვება ისე, რომ არ დაბრუნდეს "ნაციონალური მოძრაობა". ჩვენ წარსულში უნდა დავტოვოთ ეს ორი პოლიტიკური პარტია და თუ ამ საქმეში ნებისმიერი სხვა პარტია იქნება ჩვენი ლოკომოტივის შემადგენელი ნაწილი, მივესალმებით, რადგან ჩვენ ეს პროცესი დაწყებული გვაქვს 2021 წელს. თუ ვთანხმდებით, რომ ქვეყნის გადარჩენაზეა საუბარი და სახელმწიფოს ინტერესების გატარებაზე, ბევრი მოუთმენია ბატონ გიორგი გახარიას და კიდევ ბევრს მოითმენს ჩვენი პოლიტიკური გუნდი,“ - აცხადებს პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა.

დღის ამბები