18 სექტემბერი 2024,   13:28
ვრცლად
არა მხოლოდ 14 მილიარდი, დარწმუნებული ვარ, კიდევ ძალიან ბევრი თანხის მოზიდვა არის შესაძლებელი - გიორგი ბოტკოველი

"ნაციონალური მოძრაობის" მთავარი დაპირება 14 მილიარდთან დაკავშირებით, რამდენიმე დღეა განხილვის საგანია. ყოფილი სახელისუფლებო პარტია პირობას დებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ევროპულ კავშირთან მოლაპარაკების ეტაპზე გადასვლის შემდეგ საქართველოსთვის 14 მილიარდის ოდენობის გრანტს მოიზიდავს.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ვაშაძე ამტკიცებს, რომ 14 მილიარდის მობილიზებას არა ერთი - არამედ რამდენიმე ფონდიდან შეძლებენ.

"ჩვენ გვაქვს 14 მილიარდი, "ქართული ოცნება" ბლოკავს 14 მილიარდს. ფონდებს დაგისახელებთ, როგორც კი ირაკლი კობახიძე მობრძანდება პირდაპირ ეთერში," - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

საკითხს ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბოტკოველი, რომელიც ამბობს, რომ არა მხოლოდ 14 მილიარდის, კიდევ ძალიან ბევრი თანხის მოზიდვა არის შესაძლებელი.

"ხელისუფლების გამოხმაურება 14 მილიარდთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ, არის პირდაპირი ლუსტრაცია იმისა, რომ ხელისუფლების მთავარი ზრუნვა არის, ჩვენი ქვეყანა მოექცეს იზოლაციაში და ჩვენს ქვეყანას არ ჰქონდეს განვითარება. რა თქმა უნდა, არა მხოლოდ 14 მილიარდი, დარწმუნებული ვარ, კიდევ ძალიან ბევრი თანხის მოზიდვა არის შესაძლებელი, როგორც ევროპის კავშირიდან, ისე სხვადასხვა ფონდებიდან, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს," - აცხადებს გიორგი ბოტკოველი.

ევროკავშირის 14 მილიარდიანი საგრანტო პაკეტი მართლაც არსებობს, თუმცა ის რომელიმე ერთ კონკრეტულ ქვეყანას არ ეკუთვნის. თანხა ამ ეტაპზე 7 ბენეფიციარ ქვეყანაზე ნაწილდება, რომლებსაც ჯერ უკრაინა და მოლდოვაც არ დამატებიან.

როგორ აპირებს "ნაციონალური მოძრობა" ათამდე ქვეყნისთვის განკუთვნილი ევროპული გრანტის საქართველოში მოზიდვას - ამ კითხვას კოლეგა ოპოზიციონერებიც სვამენ.

დღის ამბები