18 სექტემბერი 2024,   14:56
ვრცლად
გივი მიქანაძის ბრიფინგი - რას ამბობენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებაზე ოპოზიციაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებას, რომელიც შეეხებოდა ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან წინასაარჩევნო ძალადობრივ კამპანიას, შეფასებები მოჰყვა ხელისუფლების ოპონენტებში.

ოპოზიციის წარმომადგენლები ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ ერთადერთი ძალა, რომელიც ახალისებს ძალადობას, არის "ქართული ოცნება".

პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი, პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია ზიზღის რიტორიკას ეფუძნება.

"ერთადერთი ძალა, რომელიც ახალისებს ძალადობას, არის ქართული ოცნება. ზიზღის რიტორიკა, ადამიანების ერთმანეთზე დაგეშვა არის "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია. ჩვენი კამპანია არის ერთიანობა. შესაბამისად, ამაზე ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. არავის დაუდგენია, სინამდვილეში მიზეზი რა იყო ამ ყველაფრისა, ტრაგედიაა და ამაზე პასუხისმგებელია ხელისუფლებამ," - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

პარტიის "ანა დოლიძე - ხალხისთვის" თავმჯდომარე, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრ, ანა დოლიძეს "ქართული ოცნების" გამარჯვებაში ეჭვი ეპარება.

"ხელისუფლება წესით, ქუჩა-ქუჩა უნდა დადიოდეს და აჩვენებდეს ხალხს, როგორ შექმნა სამუშაო ადგილები, გახსნა ქარხნები და გაიყვანა წყალი. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ხალხს აჩვევს, რომ არ ექნება ჯანდაცვა, არ ექნება განათლება. ამ პირობებში ოცნება ამ არჩევნებს ვერ მოიგებს, ამიტომ ის იძულებულია, რომ სხვა საკითხებზე გადაიტანოს ყურადღება." - ამბობს ანა დოლიძე.

შეფასება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩიამ.

"ასეთი ქართული ანდაზაა - სხვის თვალში ბეწვს ხედავს და საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავსო. დაახლოებით ასეა, მაშინ როდესაც ხელისუფლების სახელით პოლიტიკოსებს და აქტივისტებს სცემენ და შენ საუბრობ მათიკაშვილის ბულინგზე აეროპორტში. ამ შემთხვევაში საფრთხე ოპოზიციიდან არ მოდის, მოდის ხელისუფლებიდან, რომელსაც გვერდზე უდგას მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 ავტორი: ნანა გოგატაძე 

დღის ამბები