18 სექტემბერი 2024,   14:49
ვრცლად
ირაკლი ზარქუა სიცრუეს უწოდებს ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ, მისი და მისი ოჯახის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას

"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა სიცრუეს უწოდებს ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ, მისი და მისი ოჯახის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. დეპუტატი ტელევიზიას მის დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს. ზარქუა აცხადებს, რომ მისი და მისი ოჯახის წევრები ტენდერებში არ მონაწილეობენ.

"მორიგი სიუჟეტი მომიძღვნეს, თითქოს მე ვლობირებ ჩემს სიძეს, რაღაც ტენდერებში ვიღებ მონაწილეობას და თურმე ვიგებ. რამდენიმე თვით ადრე ჰქონდათ მცდელობა, უბრალოდ მაშინ საზოგადოება არ აჰყვა და ახლა ეტყობა მორიგი მცდელობაა, რადგან წინასაარჩევნოდ, ჩემს ოჯახს, მე და ჩვენს პარტიას ჩირქი მოცხონ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - ჩემი ოჯახის არც ერთ წევრს შეხება არ აქვს სახელმწიფო შესყიდვებთან. არც ერთ ტენდერში არ ყოფილან. კომპანია "ლაგი კაპიტალი" გაიყიდა და თუ არ ვცდები მიჰყიდეს ძმებ ბერძენიშვილებს - ალეკოს და ბესოს, ერთ-ერთის მეუღლე არის ამ კომპანიის ხელმძღვანელი - ია რამიშვილი, ხოლო გენერალურ დირექტორად ჰყავთ დანიშნული თუ არ ვცდები დავით კვირიკაშვილი. მეგობრებო თქვენ მოგმართავთ - გამოდით და პოზიცია დააფიქსირეთ, სიმართლე თქვით - რა და როგორ არის. რამე შეხება გაქვთ ან ჩემთან, ან ჩემს ოჯახთან? - არანაირი.

"ტვ პირველის" სიუჟეტში საუბარია, რომ თურმე რაღაც ტენდერები მოიგეს და ვალდებულებებს არ ასრულებენ. მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს, დაინტერესდნენ ამ თემით, ამ კომპანიით თუ რასთან გვაქვს საქმე. ყველა უწყებას, ვინც ჩართული იყო ტენდერებში, სადაც გამოცხადდა, სადაც ამ კომპანიამ გაიმარჯვა და ამავდროულად შესაბამის უწყებებს, თუ გაქვთ რაიმე საფუძველი გთხოვთ დაინტერესდეთ და მიიღოთ შესაბამისი ცნობები - ასრულებს თუ არა ტენდერით დაკისრებულ მოვალეობებს. ამით კიდევ ერთხელ დაესმება წერტილი იმ უმსგავსობებს, რასაც მელაძე და კომპანია სჩადის არამხოლოდ ჩემი, არამედ ჩვენი გუნდის წინააღმდეგ. ფეიკ ნიუსების ფოიერვერკი იქნება სავარაუდოდო "ტვ პირველზე", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა.

დღის ამბები