19 სექტემბერი 2024,   16:43
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ნეიტრალიტეტზე დებენ თავს, პირდაპირ არიან ჩართულნი წინასააგიტაციო პროცესებში - გივი მიქანაძე

"ქართული ოცნება" მესამე სექტორს არაობიექტურობაში ადანაშაულებს - საქმე ეხება წინასაარჩევნოდ გამოქვეყნებულ ანგარიშებს. სახელისუფლებო გუნდი ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან დარღვევებზე ორგანიზაციები არაფერს წერენ. დღეს მორიგი ანგარიში გამოაქვეყნეს ახალგაზრდა იურისტებმა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რომელიც ამ დროისთვის იკვეთება, შეეხება საბიუჯეტო დაწესებულებიდან და საჯარო სკოლებიდან გათავისუფლების ფაქტებს. მესამე სექტორის მიერ წამოჭრილ საკითხებს სრულად იზიარებს ოპოზიცია, "ქართული ოცნება" კი მიკერძოებულ შეფასებებზე საუბრობს.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, არასამთავრობო სექტორის ნაწილსა და პოლიტიკურ ოპოზიციას შორის ყველანაირი ზღვარი მოშლილია.

"გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ ყველანაირი ზღვრის მოშლა არასამთავრობო სექტორის ნაწილსა და პოლიტიკურ ოპოზიციას შორის. ასევე, ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როდესაც გარე ძალების მხრიდან ხდებოდა უხეში ჩარევა წინასაარჩევნო პერიოდში იმისთვის, რომ ჩვენს ამომრჩეველზე გარკვეული ზეგავლენა მოეხდინათ. ამასთანავე, გვაქვს შემთხვევები, სადაც არის ამომრჩევლის ხმის მოსყიდვასთან დაკავშირებული კონკრეტული ფაქტები, გვაქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების კონკრეტული ფაქტი, რომელიც უშუალოდ სალომე ზურაბიშვილის ჩართულობას უკავშირდება, როდესაც ის ნეიტრალიტეტს უნდა ინარჩუნებდეს. ეს ფაქტები აბსოლუტურად იგნორირებულია იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ნეიტრალიტეტზე დებენ თავს. უფრო მეტიც, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ არიან ჩართულნი წინასააგიტაციო პროცესებში. ისინი მხარეს წარმოადგენენ - პირდაპირ, საჯაროდ ახორციელებენ წინასაარჩევნო შეხვედრებს ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

დღის ამბები