12 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
ძალიან ვწუხვარ, რომ, გაუგებარი მიზეზებით, გიორგი გახარიამ ეს მოლაპარაკება ჩაშალა - ანა დოლიძე

კოალიცია "ძლიერი საქართველოსთვის" წევრი, "საქართველოსთვის" არშემდგარ გაერთიანებაზე პასუხისმგებლობას გიორგი გახარიას აკისრებს და ამბობს, რომ გიორგი გახარიამ მოლაპარაკება გაუგებარი მიზეზებით ჩაშალა.

"ძალიან ვწუხვარ, რომ, გაუგებარი მიზეზებით, ეს მოლაპარაკება ჩაშალა გიორგი გახარიამ. ზედმეტიც არის იმის თქმა, რომ მამუკა ხაზარაძე საუბრობდა მთელი კოალიციის სახელით. თუ ვინმე დაზარალდა ჩვენი კოალიციიდან პიროვნულად გიორგი გახარიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს, კონკრეტულად მამუკა ხაზარაძეა და, მიუხედავად ამისა, ყველანაირი ენთუზიაზმი გამოავლინა, რომ ეს შეთანხმება ბოლომდე მოსულიყო.

თქვენ გგონიათ, რომ მე გამიჭირდებოდა ჩემი აზრის თქმა საჯაროდ, რომ მე არ ვარ მომხრე ვინმესთვის?! მეორე მხარემ რადგან ჩაშალა ეს მოლაპარაკებები, მას შეგიძლიათ ჰკითხოთ ამის მიზეზი. ამ შეურაცხყოფას მე არავის არ მივაყენებ, რომ სახელმწიფო დონის ლიდერი კოალიციაზე შეშფოთდა, რომ ვიღაცამ აზრი გამოთქვა. მაშინ ჩვენ საერთოდ არ გვესმის, რა არის ევროპული კოალიცია," - აცხადებს კოალიცია "ძლიერი საქართველო" წევრი, ანა დოლიძე.

განცხადება გააკეთა საბა ბუაძემაც, რომლის თქმითაც, აღნიშნულ პერიოდში მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსებმა ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედონ.

"ეს არჩევნები თითოეულ ჩვენგანს გვაკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რომ ვიმოქმედოთ არაორდინალურად, ვიმოქმედოთ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და გამოვიდეთ საკუთარი კომფორტის ზონიდან. ეს ჩვენ კოალიციას, ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს პირადად არაერთხელ უჩვენებია. ვაჩვენეთ ამ დღეების განმავლობაშიც და ის მზაობა და გაბედულობა, რომელზეც ამ დღეების განმავლობაში ვსაუბრობთ და რომლითაც ვმოქმედებთ, ძალაში რჩება. შესაბამისად, გავაგრძელებთ სწორედ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებას," - აღნიშნავს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, საბა ბუაძე.

დღის ამბები