"მომავლის სამიტი" ნიუ-იორკში ოფიციალურად უკვე გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრო, რის შემდეგაც ილია დარჩიაშვილი სიტყვით გამოვიდა ინტერაქტიულ დიალოგში გლობალური მმართველობითი ინსტიტუტების გაუმჯობესების და მდგრადი განვითარების საკითხებზე.
საქართველოს პირველმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მნიშვნელობას მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზაზე; ყურადღება გაამახვილა საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტებთან; ასევე ვრცლად ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ პოლიტიკაზე, რომლის შედეგადაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მდგრადი ეკონომიკური ზრდა შეინიშნება.
"მომავლის სამიტი" რამდენიმე დღე გასტანს. სამიტის პლენარული სესიის მონაწილეებს უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიმართავს.