27 სექტემბერი 2024,   08:16
ვრცლად
"ერთი წარმატებული დირბელი, ვფიქრობ, უდრის წარმატებულ სამშობლოს" - ყველაზე ახალგაზრდა დირექტორი საქართველოში

ქარელის რაიონის სოფელ დირბის საჯარო სკოლას საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა დირექტორი ჰყავს - 23 წლის ლევან ყაულაშვილი. პირველ სამუშაო დღეს მოსწავლეებთან შეხვედრას მღელვარებით ელოდა და, როგორც თავად ამბობს, ის ემოციები განუახლდა, რომელიც პირველ კლასში წასვლისას ჰქონდა.

სკოლის დაწყების პირველ დღეს, დირექტორმა მოსწავლეებს ახალი სასწავლი წლის დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

"დავამთავრე მოხისის საჯარო სკოლა. 12 წელი იქ ვსწავლობდი. 5 წელია, რაც დამთავრებული მაქვს საჯარო სკოლა. მე კარგად ვხედავდი იმ მინუსებსა და პლუსებს, რომელიც სწავლების პერიოდში მხვდებოდა. ეს არ არის დავიწყებული გამოცდილება, ამიტომ, მინდა, რომ ის, რასაც ვხედავდი, ახლა ჩემს სკოლაში არ იყოს." - ამბობს ახალგაზრდა დირექტორი.

ლევან ყაულაშვილი სკოლის მართვის სამომავლო სტილზე საუბრობს, რომლის განხორციელებასაც მუშაობის პროცესში გეგმავს. ახალგაზრდა დირექტორის სურვილია, სასწავლებელში ღიაობაზე, გამჭვირვალობასა და ურთიერთშეთანხმებაზე დაფუძნებული მართვის სტილი ჩამოაყალიბოს.

როგორც თავად ამბობს, უმთავრესი მიზანი სკოლისა და მისი მოსწავლეების წარმატებაა, რაც შემდგომ, მისივე თქმით, მთელი საქართველოს წარმატებას უდრის.

"ვგეგმავ, რომ სკოლა ვმართოთ სასკოლო საზოგადოებამ და არა მხოლოდ დირექტორმა. ღიაობაზე, გამჭვირვალობასა და ურთიერთშეთანხმებაზე დაფუძნებული მართვის სტილი არის ყველაზე კარგი ვარიანტი, რომლითაც შეიძლება სკოლა იმართოს და იყოს წარმატებული. ერთი წარმატებული დირბელი, ერთი წარმატებული სკოლა, ვფიქრობ, უდრის წარმატებულ ქვეყანას, სამშობლოს. ესაა ის, რის გამოც სოფლის სკოლაში მუშაობა მინდა. ვიქნები მეგობარი, ვიქნები მხარდამჭერი, გვერდში მდგომი. მაქვს იდეა, რომ სკოლაში დაინერგოს ჩინური ენა. პირადად ვსწავლობდი ერთ-ერთ უნივერსიტეტში, შემდეგ - კერძოდ. მაქვს მუშაობის გამოცდილებაც." - ამბობს 23 წლის დირექტორი.

ლევან ყაულაშვილი ვებგვერდმა www.rustavi2.ge ფართო საზოგადოებას აგვისტოში გააცნო. ყველაზე ახალგაზრდა დირექტორის ისტორიას მკითხველის დიდი გამოხმაურება და დადებითი შეფასებები მოჰყვა. 

 

დღის ამბები