შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში ვახტანგ გომელაურმა, მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრთან ქრისტოს სტაიკურასთან.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ვახტანგ გომელაურმა და ქრისტოს სტაიკურასმა მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
შეთანხმების ხელმოწერას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში - ლევან ბერიძე და პოლიციის ატაშე საბერძნეთის, რესპუბლიკაში - შოთა ხურციძე ესწრებოდნენ.
შეთანხმების ამოქმედების შემდგომ, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.
შეთანხმებით განსაზღვრულია იმ სატრანსპორტო საშუალების კატეგორიები/ქვეკატეგორიები, რომელთა სამართავად გაცემული მართვის მოწმობები ექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ, AM, A1, A2, A, B1, B, BE, C1, C, D1, D1E, D, DE, CE და C1E კატეგორიების/ქვეკატეგორიების სამართავად
გაცემული მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების
ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი.
საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმება მხარეთა მიერ შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულების შემდეგ შევა ძალაში. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის შეთანხმებები საქართველოს, ასევე, გაფორმებული აქვს ესპანეთის სამეფოსთან და ირლანდიასთან.