არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშს ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ ქვეყანაში რთული გარემოა.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, შეფასებაში ჩანს მძიმე საარჩევნო გარემო, რომელიც პოლარიზაციის ფარგლებში არსებობს.
"ამ შეფასებაში ჩანს ის მძიმე საარჩევნო გარემო, რომელიც ამ პოლარიზაციის ფარგლებში, "ქართულ ოცნებას" მიყავს. მათ შორის, მნიშვნელოვანია ცესკოს მიერ გაუთვალისწინებელი რეკომენდაციების შესრულება, რაც არის ხაზგასმული და ის, რომ პოლარიზაცია "ქართული ოცნების" მიერ არის და რეკომენდაციების შეუსრულებლობა, მათ შორის ქალთა პოლიტიკური გაძლიერების შესუსტება იმ გაუარესებული კანონმდებლობით, ეს ყველაფერი ასახავს იმ რთულ გარემოს, რომელიც წინასაარჩევნოდ ქვეყანაშია," - აცხადებს თეონა აქუბარდია.
პლატფორმის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო კამპანიის სპიკერი, ლევან სანიკიძე ამბობს, რომ არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.
"მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ყოველთვის პასუხისმგებლობა არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ეკისრება ხელისუფლებას. ზოგადად, "ქართული ოცნების" მიერ გადადგმული ნაბიჯები, მათი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან 12 წლის განმავლობაში, არის უკიდურესად მაპოლარიზებელი," - აცხადებს ლევან სანიკიძე.
ცნობისთვის, არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ეუთო/ოდირის წინასაარჩევნო გარემოს აფასებს. შუალედური ანგარიში 11 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე პერიოდში მომზადდა. დოკუმენტში საარჩევნო სიის, დავების მოგვარების, ამომრჩევლებისა და კანდიდატების უფლებების შესახებ შეფასებაა ასახული. შუალედური ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნოდ საკმაოდ მშვიდი გარემოა. თუმცა, დოკუმენტში ასევე წერია, რომ არჩევნები პოლიტიკური პოლარიზების ფონზე მიმდინარეობს.