15 ოქტომბერი 2024,   10:13
ვრცლად
ქარტია არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ ის ხალხი რომლებმაც არ იციან ხელი რას მოაწერეს, პარლამენტში არ უნდა აირჩიონ - იაგო ხვიჩია

უშედეგო კონსულტაციების მიუხედავად, შეხვედრები ორბელიანების სასახლეში ე.წ ტექნიკური მთავრობის შესარჩევად გრძელდება. საკითხი თითქმის ერთი კვირაა ურთიერთბრალდებების თემაა, რასაც ახლა ზურაბიშვილის ულტიმატუმიც დაემატა.

პრეზიდენტი პარტიებისგან ითხოვს დაადასტურონ თითოეული პუნქტის ერთგულება ან ხელმოწერა უკან წაიღონ. ქარტიაში კი წერია, რომ ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტება, მხოლოდ ხალხის მანდატის მოპოვების შემდეგ უნდა მოხდეს. სალომე ზურაბიშვილი კანდიდატების დასახელებას არჩევნებამდე გეგმავს - სხვა დეტალები ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.

მიმდინარე პროცესს ოპოზიციისთვის დამაზიანებლად მიიჩნევს “გირჩი“. პარტიაში “გახარია საქართველოსთვის“ კი თვლიან, რომ ეს პროცესი ერთადერთი გამოსავალია.

“ვერაფრით ვერ ვუკარნახებთ პრეზიდენტს როგორ მოიქცეს ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით, მით უფრო, როდესაც ეს არის მისი გადაწყვეტილება. მთავარია აქ არის ერთი რამ, რისთვისაც ჩვენ მოვაწერეთ ამ ქარტიას ხელი გარდა 9 ევროპული რეკომენდაციისა. პირველი, ეს არის არ დავუშვათ “ნაციონალური მოძრაობის“ რაიმე ფორმით მობრუნების შესაძლებლობა და მეორე, გავუშვათ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც აქ ქვეყნის ევროპულ მომავალს უარი უთხრა. შესაბამისად, ტექნიკური მთავრობა ჩვენთვის საუკეთესო გამოსავალია“, - განაცხადა პარტია “გახარია საქართველოსთვის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ.

“გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, პარლამენტში ის ხალხი არ უნდა აირჩიონ, რომლებმაც არც კი იციან ხელი რას მოაწერეს.

“მე ძალიან მომწონს ის, რომ პრეზიდენტს შეიძლება არ გამოუვიდა მომავალი საქართველოს შექმნის გეგმა, რაც ქარტიით შეუძლებელი იყო, მაგრამ ერთად დააჯგუფა “ნაცხები“ - ქარტია არაფერს არ ნიშნავს. დასახელებაც და არ დასახელებაც ამ შედეგამდე მიდის თავისი შინაარსით, მაგრამ რომ დასახელდება და ჩხუბს ატეხენ, მაშინ უფრო გაიგებენ ადამიანები, რომ ის ხალხი რომლებმაც არ იციან ხელი რას მოაწერეს, პარლამენტში არ უნდა აირჩიონ,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები