15 ოქტომბერი 2024,   20:19
ვრცლად
"არ შეიძლება ასეთი მაღალი პოზიციის ადამიანის მხრიდან კეთდებოდეს ისეთი განცხადება, რომელიც შეიცავს, როგორც უსამართლობის ასპექტებს, ასევე, ორმაგი სტანდარტის აშკარა ნიშნებს" - რატი იონათამიშვილი ბორელის განცხადებაზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი "დღის კურიერის" ეთერში, არჩევნების მოახლოების ფონზე, დასავლეთის კრიტიკასთან დაკავშირებით საუბრობს და ასევე, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებასაც ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ - მმართველი პარტიის ბოლო ქმედებები აშორებს საქართველოს ევროპულ გზას.

რატი იონათამიშვილის განცხადებით, მსგავსი შეფასებები უსამართლო და უსაფუძვლო, ამასთან, ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს.

"პირველი, რასაც მინდა ხაზი გავუსვა, ერთ განცხადებაში იყო საუბარი, რომ თურმე დსთ-ს წევრი ქვეყანა მოლდოვა არის წინ და საქართველო, რომელმაც ISAF-ის მისიაში ერთ-ერთი მსხვილი კონტრიბუცია განახორციელა აშშ-ის შემდეგ, აქ თურმე ხელშესახები პრობლემებია. ანუ უკვე ეს შედარება არის იმდენად უსამართლო და უსაფუძვლო, რომ ორმაგი სტანდარტის გარდა, თავისი არსით რაიმეს წარმოადგენდეს, რა თქმა უნდა, სხვა პასუხის და პოზიციის არსებობა ძალიან რთულია. ამიტომ, არ შეიძლება ასეთი მაღალი პოზიციის ადამიანის მხრიდან კეთდებოდეს ისეთი განცხადება, რომელიც შეიცავს, როგორც უსამართლობის ასპექტებს, ასევე, ორმაგი სტანდარტის აშკარა ნიშნებს. მეორეს მხრივ, ასეთი განცხადება კეთდებოდეს წინასაარჩევნოდ, ეს ნამდვილად შეიძლება იქნას აღქმული, როგორც უხეში ჩარევა ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესებზე. სხვა მხრივ ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ნებისმიერი ობიექტური შემფასებელი საქართველოს აყენებს მოწინავე პოზიციაზე ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის ყველა პარამეტრით.

ბოლო წლების გამოცდილება რომ ავიღოთ, გადაწყვეტილებებიც კი მიუღიათ, რომელიც აბსოლუტურად იყო უსამართლო საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ. თუნდაც, როდესაც ორ ქვეყანას მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და საქართველოს მხოლოდ ევროპული პერსპექტივა. რამდენიმე თვის შემდეგ, ამ ადამიანებს მოუწიათ იმის აღიარება, რომ ეს იყო შეცდომა ქართველი ხალხის მიმართ და ამ გადაწყვეტილებამ დააზიანა, პირველ რიგში, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა. ვფიქრობ, მოუწევთ ამ ადამიანებს კიდევ ერთხელ, რომ ბოდიში მოუხადონ ჩვენს საზოგადოებას არასწორი და უსამართლო პოზიციებისა და გადაწყვეტილებების გამო. რაც შეეხება ლეგიტიმაციას, ლეგიტიმაციას ხელისუფლებას ანიჭებს ქართველი ხალხი და 26 ოქტომბერს ყველა დარწმუნებული იყოს რომ "ქართულ ოცნებას" ექნება ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია ჩვენი საზოგადოების მხრიდან. ჩვენ, ჩვენს ხალხთან ერთად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის არჩევანსა და უსაფრთხოებას. ყველას მოუწევს აღიაროს და პატივი სცეს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ქართველი ხალხი მიიღებს," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები