24 დეკემბერი 2024,   22:36
ვრცლად
"ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობა, რომელიც თენგიზ ცერცვაძის სახელს ატარებს, შეესაბამება უმაღლეს სტანდარტებს, აღჭურვილია თანამედროვე აპარატურითა და ტექნიკით, რაც აუცილებელია წარმატებული, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებისთვის" - პრემიერი

მინდა მოგილოცოთ თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელობას, ყველა ექიმსა და ექთანს, თითოეულ თანამშრომელს ახალი, საკუთარი შენობა, ამ შენობაში გადასვლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თენგიზ ცერცვაძის სახელობის თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ახალი, 11-სართულიანი შენობა, რომელიც შეესაბამება უმაღლეს სტანდარტებს, აღჭურვილია თანამედროვე აპარატურითა და ტექნიკით, რაც აუცილებელია წარმატებული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებისთვის.

"კლინიკის გაფართოება და საკუთარი შენობა სამედიცინო ცენტრს მისცემს საშუალებას, პაციენტებს ყველა საჭირო-სავალდებულო კვლევა ადგილზე ჩაუტარდეთ. კლინიკას დაემატა გადაუდებელი ამბულატორიული განყოფილებაც. რაც მთავარია, პაციენტების, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას უმაღლესი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალი ემსახურება.

დღეს კლინიკაში 352 თანამშრომელია, მათ შორის 86 ექიმი და 71 ექთანი მუშაობს. ჩვენი საზოგადოების წინაშე უდიდესი დამსახურებისთვის, თითოეულ თქვენგანს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ.

კლინიკა გამოჩენილი ექიმის, მეცნიერისა და პედაგოგის თენგიზ ცერცვაძის სახელს ატარებს. ბატონი თენგიზი უშუალოდ იყო ჩართული ამ შენობის მშენებლობის დაგეგმვაში, განხორციელებაში, თვითონ მეთვალყურეობდა თითოეულ დეტალს, სულით და გულით იყო ჩართული ამ ყველაფერში. დღეს მისი სული ხარობს, როდესაც ეს შენობა იხსნება, სადაც მისი მეგობრები, კოლეგები, მის მიერ აღზრდილი ექიმები უკვე ახალ შენობაში განაგრძობენ საკუთარ პროფესიულ საქმიანობას. ბატონი თენგიზის ღვაწლი არის ფასდაუდებელი ჩვენი ქვეყნის წინაშე. მისი ინოვაციური მიდგომებით და მიღწეული შედეგებით საქართველო დღეს მოწინავეთა რიგებშია ინფექციური პათოლოგიის, შიდსის, ვირუსული ჰეპატიტების და სხვა ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, პროფესიონალთა გუნდი განახლებულ, გაუმჯობესებულ პირობებში ღირსეულად გააგრძელებს ამ მემკვიდრეობას, მეტად განავითარებს მდიდარ გამოცდილებას და მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის საქმეში. გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ არაჩვეულებრივი შენობის გახსნას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები